პროგრამა "მიგრაცია განვითარებისთვის" საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს ფინანსურად დაეხმარება

პროგრამა "მიგრაცია განვითარებისთვის" გერმანიაში განათლებამიღებულ ან სამუშაო გამოცდილების მქონე ქართველ მიგრანეტებს საქართველოში დაბრუნებისას ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს.

აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო მიგრაციისა და განვითრების ცენტრი (CIM) გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბაკალავრის თუ სხვა ხარისხით, ან სამუშაო გამოცდილებით სამშობლოში დაბრუნებულებს პროფესიულ სტაჟირებაზე 6 თვის განმავლობაში თვეში 300 ევროს უხდიან, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 2-3 წლის განმავლობაში - 400 ევროს. "ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, რაც მიგრანტებს უადვილებთ საქმიაონობის დაწყებისა და რეინტეგრაციის პროცესს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა შესაბამისი კანდიდატებისთვის სამუშაო ადგილის საჭირო ტექნიკური მოწყობილობისთვის 10.000 ევრომდე გამოყოფს, აფინანსებს მათ კონფერენციებზე მონაწილეობას.

CIM გერმანიაში რეგისტრირებულ მიგრანტთა ორგანიზაციებსაც ეხმარება, რომლებიც სამშობლოში ქვეყნის განვითარებაზე მიმართულ პროექტებს ახორციელებენ. როგორც ცენტრში აცხადებენ, საქართველოში უკვე დაფინანსდა 4 მსგავსი პროექტი, თითოეული 50 000-მდე ევროს თანადაფინანსებით. ორგანიზაცია საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში თავიანთი ბიზნესის დაწყების სურვილს გამოთქვამენ.

გერმანიის მთავრობის დახმარებით უკვე ისარგებლა სახელფასო დანამატების სახით 150-ზე მეტმა ახალგაზრდა ქართველმა პროფესიონალმა.

ბელა ნოზაძე