თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა აუდიო ჩანაწერი ისმის როგორც ავტობუსებში, ისე მიკროავტობუსებში. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გადახდის აპარატების ტექნიკურად გამართულობაზე პასუხისმგებლობა სხვა კომპანიას აქვს და დეტალებზე სწორედ მათ უნდა ისაუბრონ.
„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ აუდიო ჩანაწერი ისმის როგორც ავტობუსებში, ასევე მიკროავტობუსებში. საუბარია, ტრანსპორტში არსებულ გადახდის აპარატებზე, რომლის ტექნიკურად გამართულ მუშაობაზეც პასუხისმგებელი არის შპს „მს+“, შესაბამისად მათ უნდა მიმართოთ დამატებით დეტალებზე,“ – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემას მართავენ შპს „მს+“ და შპს „აზრი“. როგორც კომპანიებში “ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, დაფიქსირდა აპარატების ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.
ცნობისთვის, დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გადახდის აპარატებიდან ისმის სხვადასხვა აუდიოჩანაწერის ხმა.
„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხზე დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.