რუსეთი ხილისა და კენკრის იმპორტის აკრძალვას განიხილავს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მთავრობას მიმართა წინადადებით ქვეყანაში ხილისა და კენკრის იმპორტის შეზღუდვის ან მთლიანად აკრძალვის შესახებ. მიზეზად ხარისხის სტანდარტების დარღვევა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ხილისა და კენკრის იმპორტი უკვე აკრძალულია.

ამასთან, ფედერაციის საბჭოს განცხადებით, ხილისა და კენკრის იმპორტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს რუს მწარმოებლებს, რომლებმაც სასურსათო უსაფრთხოების დოქტრინით განსაზღვრულ თვითუზრუნველყოფის 60%-იან დონეს ვერ მიაღწიეს და ამჟამად ეს მაჩვენებელი 46,7%-ს შეადგენს.

ფედერაციის საბჭოს აგრარულ-სასურსათო პოლიტიკისა და გარემოს გამოყენების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი მიტინმა „იზვესტიას“ განუცხადა, რომ მოსავლის აღებისას, ანუ ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე იმპორტის შეზღუდვა ხილისა და კენკრის შიდა მწარმოებლების პროდუქტებზე მოთხოვნას გაზრდის.

სამრეწველო პროდუქციის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ვიცეპრემიერი, დენის მანტუროვი ხელმძღვანელობს, სენატორების წინადადება 2025 წლის სამუშაო გეგმის პროექტში შეიტანა.

მისი განხილვა მეორე კვარტალში იგეგმება.

რუსული FruitNews-ის მონაცემებით, ხილისა და კენკრის უმეტესი მოცულობა რუსეთში ეკვადორიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან შედის, რაც რუსი მწარმოებლების პროდუქციაზე იაფია. რუსეთში გაყიდული ახალი ხილისა და კენკრის 70%-ზე მეტი უცხოეთიდან შედის, ხოლო კატეგორიიდან გამომდინარე, მაგალითად, ბანანის და ციტრუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ასევე, 90%-ს აღემატება იმპორტირებული მსხლის, ბლის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის წილი, რადგან რუსული ყურძენი, თითქმის, მთლიანად ადგილობრივ მეღვინეობაში იხარჯება.

ამჟამად რუსეთში წარმოებული კენკრის წილი საცალო ქსელებში 10%-ს არ აღემატება. კენკრა, ძირითადად, მაროკოდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, პერუდან, ლიბანიდან და ისრაელიდან არის იმპორტირებული. გაზაფხულზე და ზაფხულზე ვაშლსა და მსხალს რუსეთს სერბეთი, მოლდოვა და აზერბაიჯანი, ხოლო კურკოვან ხილს თურქეთი და უზბეკეთი აწვდის.

FruitNews-ის შეფასებით, მათი ჩანაცვლება, ბაზრიდან თუნდაც უცხოელი კონკურენტების მოხსნით, უახლოეს მომავალში ადვილი არ იქნება, ამიტომ შეთავაზებული შეზღუდვები რუსეთის მაღაზიებში ხილისა და კენკრის ფასებს გაზრდის, მათ ხარისხს კი შეამცირებს.

ცნობისთვის: დეკემბერში ბაზრის მონაწილეებმა და ექსპერტებმა Forbes-ს განუცხადეს, რომ რუსეთში მთელ რიგ იმპორტირებულ პროდუქტებზე, მათ შორის, ტროპიკულ ხილზე, ყავასა და ჩაიზე ფასები 2025 წლის დასაწყისში 10-20%-ით გაიზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ