ბარბადოსი და პანამა პუტინის “ჩრდილოვანი ფლოტის” 100-ზე მეტ ტანკერს დროშას ჩამოართმევს

საზღვაო გადაზიდვების მსოფლიოს მცირე, მაგრამ გავლენიანი სახელმწიფო, ბარბადოსი იანვრის ბოლომდე 46 რუსულ ნავთობტანკერს საზღვაო რეესტრში დროშას ჩამოართმევს, რადგან ისინი დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ბარბადოსის საზღვაო რეესტრი დაფუძნებულია ლონდონში და მართალია, ბარბადოსზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს, მაგრამ დიდ ბრიტანეთთან კარგი ურთიერთობის გამო რეესტრი გაერთიანებული სამეფოს წესებით ხელმძღვანელობს.

თუმცა ბარბადოსი არ მოხსნის თავის დროშას მხოლოდ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერებიდან, თუკი ისინი გაერთიანებული სამეფოს სანქციებს არ ექვემდებარებიან. მაგალითად, ბარბადოსის მიერ დროშაჩამრთმეული 46 გემიდან 14 აშშ-ის შეზღუდვების ქვეშაა, მაგრამ ისინი ამავე დროს დიდი ბრიტანეთის მიერ არიან სანქცირებული.

ბარბადოსის გარდა, რეესტრიდან 68 რუსული გემის ამოღება ახლახან პანამის საზღვაო ადმინისტრაციამაც დააანონსა, რადგან ტანკერები აშშ-მა დაასანქცირა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პანამამ გასული წლის ბოლოს მიიღო კანონი აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და გაეროს სანქციების შესრულების შესახებ. ამასთან, პანამამ დროშა ჩამოართვა ოთხ LNG-ტანკერს, რომლებიც სინგაპურის კომპანიების საკუთრებაშია და აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუსულ პროექტ Arctic LNG 2-თან იყვნენ დაკავშირებული.

ცნობისთვის: სანქციების გამო რუსული გემები სულ უფრო მეტად ხდებიან იძულებული, შორეულ იურისდიქციებში გადარეგისტრირდნენ და მფლობელები შეიცვალონ, რომ მათი თვალთვალი გართულდეს. გემების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ბარბადოსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელმწიფოდ ითვლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ