თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული 30-მდე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.

„აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათეულობით უკანონო შემოღობვასაც. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა“, - ნათქვამია განცხადებაში.