ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ 24 იანვარს, თბილისში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებზე კიბერშეტევა მათ ჯგუფთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს. ამის შესახებ Anonymous-ი X-ზე წერს.
"კვირების წინ, Anonymous-მა კიბერომი გამოუცხადა საქართველოში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეჟიმს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებ-გვერდზე შეაღწია.
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებზე 24 იანვრის თავდასხმა, Anonymous-თან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს.
ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის," - ნათქვამია Anonymous-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 იანვარს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემაზე სავარაუდო კიბერშეტევის გამო, აპარატები დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული.