თბილისს ამერიკის დიდ ქალაქებს რომ ადარებენ, ძალზე სევდიანი ამბავია, ის ცათამბჯენების ქალაქად ვერ გადაიქცევა - არქიტექტორი

თბილისში 20-25-სართულიანი კორპუსები ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მრავლდება. დედაქალაქის მკვიდრებმა კარგად იციან, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი 79-სართულიანი იქნება, ხოლო ყველაზე პატარა - 23-სართულიანი. რას მოუტანს თბილისს უზარმაზარი კორპუსების მშენებლობა? - ამის თაობაზე გარემოს დამცველებს და სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

"43 და 76-სართულიანი კორპუსების აშენება ქალაქის კოლაფსს ნიშნავს - უკვე ვეღარ ვსუნთქავთ, 50-70-სართულიანი სახლები რომ აშენდება, მერე რა მოხდება?!"

ელენე ცერცვაძე, არქიტექტორი, დიზაინერი: - ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელ უბანზე - იპოდრომზე მოგიყვებით, სადაც დავიბადე და დღემდე ვცხოვრობ: როდესაც გამოცხადდა, რომ იქ ცენტრალ-პარკისა და ცათამბჯენების აშენებას აპირებდნენ, იპოდრომის დამცველთა ჯგუფი შევქმენით და ჩვენი უბნის დაცვა გადავწყვიტეთ. როცა კახა კალაძემ ეს პროექტი წარადგინა, მაშინვე მივხვდით, რომ იპოდრომის განადგურება­ რეალური ამბავი იყო. იქ ახლაც მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა და 6 ცათამბჯენი რომ აშენდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვა ამ ტერიტორიას? დახმარებისთვის საკრებულოსაც მივმართეთ, დაგვპირდნენ, რომ იპოდრომს სარეკრეაციო ზონის სტატუსს არ შეუცვლიან, მაგრამ ეს სტატუსი ისე მალულად და მოულოდნელად შეცვალეს, არც გაგვიგია. ჯერჯერობით ჩვენმა პროტესტმა ვერ გაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი. ორი კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შევიდა და ორივე პროექტი განხილვის პროცესშია. მერიის არქიტექტურის სამსახურს პასუხის გაცემის ვადა 2025 წლის 7 თებერვლამდე აქვს. ვინც არ იცის, დავუმტკიცებ, რომ იპოდრომის ტყე უდიდესი მნიშვნელობის ადგილია. ამ ადგილას 43 და 76-სართულიანი კორპუსების აშენება ქალაქის კოლაფსს ნიშნავს. თბილისი ისედაც საცობების ქალაქია, თუ ამგვარ განაშენიანებას გავაგრძელებთ, ეს ქალაქი გაუვალი გახდება და ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსება. ჩვენი ჯგუფის იურისტებმაც კი ვერ მოიპოვეს ერთი პატარა კომენტარი ვერც მერიისგან და ვერც "ცენტრალ-პარკ ავენიუსგან", რომელიც ამ ცათამბჯენების აშენებას აპირებს და რომლის ხელმძღვანელი ბიზნესმენი ვასილ ფხაკაძეა.

ამ პატარა ქალაქს ამერიკის დიდ ქალაქებს რომ ადარებენ, ძალზე სევდიანი ამბავია. თბილისის ქუჩებს ისეთი გამტარუნარიანობა არა აქვს, როგორც ნიუ-იორკს ან ლოს-ანჯელესს. ის ცათამბჯენების ქალაქად ვერ გადაიქცევა თუნდაც იმიტომ, რომ აქ ვიწრო, პატარა ქუჩებია. ჯერ დიდი ცათამბჯენები არა გვაქვს და უკვე ვეღარ ვსუნთქავთ, 50-70-სართულიანი სახლები რომ აშენდება, მერე რა მოხდება?! ქალაქის ბევრ უბანში უკვე გადაადგილება შეუძლებელია, როგორც ყველა, მეც ვცდილობ ფეხით ვიარო ან მეტროში ჩავიდე, რაც არასწორი განაშენიანების შედეგია. უზარმაზარმა კორპუსებმა ქალაქის იერიც დაამახინჯა, ზოგიერთ უბანში ხალხი ვეღარც მზეს ხედავს და ვეღარც სუნთქავს. ვისაც აინტერესებს, როგორია კორუფციის და არაპროფესიონალიზმის შედეგი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიეროს.

"როდესაც მიჯრით უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ, უნდა გაიხსენონ, რომ ამ კორპუსებში ხალხმა უნდა იცხოვროს"

თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი: - ვინც თბილისში 30-40-სართულიან კორპუსებს აშენებს, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ - ეს ფაქტორი მშენებლებმა­ უპირველესად უნდა გაითვალისწინონ. ამას ემატება დედაქალაქის გეოლოგიური­ მონაცემებიც. საერთოდ, სეისმურად აქტიურ და არასტაბილურ რეგიონებში მაღალსართულიანი შენობების აგება და გრუნტის დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის. როდესაც მიჯრით უზარმაზარ კორპუსებს აშენებენ, უნდა გაიხსენონ, რომ ამ კორპუსებში ხალხმა უნდა იცხოვროს. ჩვენს ოპონენტებს მაშინვე ამერიკის მაგალითი მოჰყავთ, მაგრამ ამერიკაში სად ნახეთ მაღალსართულიანი შენობები სეისმურად აქტიურ რეგიონებში? ის, რასაც ამერიკული ქალაქების ცენტრში ვხედავთ, გამონაკლისია, რადგან ნამდვილი ამერიკა ერთსართულიანი სახლების ქვეყანაა. ასეთი ქაოსური მშენებლობა მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ურბანული განვითარების სწორი გეგმა არ არსებობს. სწორედ ამის გამოხატულებაა იპოდრომი, რომელიც რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინ გააჩერა? ცათამბჯენის აშენებას­ ბევრი რამის გათვალისწინება სჭირდება,­ რადგან მისი რეაქცია მიწისძვრის დროს სულ სხვანაირია, სტიქიის დროს ცათამბჯენი გაცილებით საშიშია, ვიდრე დაბალსართულიანი სახლები. განაგრძეთ კითხვა: