სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ნინო ჩიქოვანი აირჩიეს

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება ჩატარდა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე დელეგატმა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. კრებაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ერთხმად ნინო ჩიქოვანი აირჩიეს. ნინო ჩიქოვანი მანამდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა 1960 წელს დაარსდა. პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელად პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი.