მესამე მსოფლიო ომისა და პოტენციური აპოკალიფსის შიში აძლიერებს უსაფრთხო მიწისქვეშა თავშესაფრების შენების ტენდენციას.
ცნობილი ხდება, რომ ამერიკული კომპანია SAFE აშენებს მდიდრულ მიწისქვეშა ბუნკერს Aerie-ს ("არწივის ბუდე“) ვირჯინიის შტატში, თეთრი სახლიდან არც თუ ისე შორს. "თავშესაფარი იქმნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის გლობალური კატასტროფისგან თავის დასახსნელად", - წერს Daily Mail.
მიწისქვეშა კომპლექსი, რომლის ჯამური ღირებულება 300 მილიონი დოლარია, აღჭურვილი იქნება საცურაო აუზებით, ძვირადღირებული ოთახებით, მაღალი კლასის რესტორნებით, ბოულინგის დარბაზებით, ყინულის ოთახით და ცოცვისთვის განკუთვნილი კედლით. გარდა ამისა, ბუნკერს ექნება ინტერაქციული კედლები, რომლებიც შექმნის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფნის ილუზიას. ამასთანავე, კომპლექსში იქნება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი სამედიცინო ლუქსი, სადაც გამაჯანსაღებელი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტს განახორციელებს SAFE (Strategically Armored & Fortified Environments), ვირჯინიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უსაფრთხო უძრავი ქონების მშენებლობაში.
SAFE-მა წარმოადგინა მდიდრული მიწისქვეშა ციხე-სიმაგრის მშენებლობის გეგმები და პირობა დადო, რომ მშენებლობას 2026 წლისთვის დაასრულებს. კომპანია აპირებს ე.წ. განკითხვის დღის საცხოვრებელი ბუნკერების ქსელის შექმნას, მიწისქვეშა ციხე-სიმაგრეების აშენება იგეგმება აშშ-ს 50 ქალაქში და 1000 შვილობილი ლოკაციით მთელ მსოფლიოში.
ბუნკერში საცხოვრებელი ფართობის ღირებულება 20 მილიონი დოლარიდან დაიწყება.