ჩეხეთის სენატი პრეზიდენტ პეტრ პაველს ხელმოსაწერად წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც რუსებს ორმაგ მოქალაქეობას უკრძალავს.
ინფორმაციას CZ24 News ავრცელებს.
თუ პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაშინ რუსებს ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ.
მართალია, სენატორები კანონპროექტის ტექსტზე საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი არ იქნა უარყოფილი და სახელმწიფოს მეთაურს გაეგზავნება. კანონპროექტის მიხედვით, ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსების მხრიდან უკვე მიღებული განაცხადები გაიყინება. გამონაკლისი მხოლოდ არასრულწლოვანებს, ასევე, რუსეთის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეეხება.
ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შეუნარჩუნდებათ რუსებს, რომლებიც ჩეხეთის პასპორტს უკვე ფლობენ.
კანონპროექტი თავდაპირველად უკრაინელი ლტოლვილების დასაცავად იყო შემუშავებული, თუმცა მოგვიანებით მას რუსებთან დაკავშირებით ცვლილებები დაემატა. დოკუმენტი შეეხება მათ, ვინც ჩეხეთის რესპუბლიკაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, რადგან მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ შეიძლება მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის წარდგენა.
პრაქტიკაში რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მეტად რთულია. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არსებობის დადასტურება ან მისი მიღების გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, მოქალაქეობაზე უარის თქმა შეუძლებელია, თუ რუსეთში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ან მას სამხედრო სამსახური არ აქვს გავლილი და ამ სამსახურისთვის შეუფერებლობის დოკუმენტს არ ფლობს.
ცნობისთვის: ჩეხეთმა რუსების მიმართ მიგრაციული პოლიტიკა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაამკაცრა. კერძოდ, პრაღამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა შეაჩერა. ეს აკრძალვა ჯერ ორჯერ გაგრძელდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულიდან მუდმივი გახდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ