„მოსალოდნელია, სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს“ - ასე ეხმაურება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ინტერნეტში საქართველოს მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს.
როგორც ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება.
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვაზე გამოცემა Cybernews-ი წერს. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. დაუცველი მონაცემთა ბაზა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ეხმაურება. „ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების ბოლო გაჟონვასთან დაკავშირებით და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს ფაქტი:
გერმანიაში ბაზირებულ ღრუბლოვანი სერვისის ერთ-ერთ პროვაიდერზე თავისუფალი ძებნისას დაფიქსირდა და მალევე დაიხურა დაცვის გარეშე განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დიდი მასივი, ორი ბაზა, რომელთაგან ერთ შეიცავდა 4.5, მეორე კი 7 მილიონამდე ჩანაწერს;
მონაცემთა ბაზა შეიცავდა მგრძნობიარე პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა პირადი ნომერი, სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, სერტიფიკატის მსგავსი ნომერი, რომელიც ჰგავს სადაზღვევო იდენტიფიკატორს, მობილური ტელეფონის ნომერი მფლობელის მიბმული აღწერილობით;
მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ერთი ნაწილი ძალიან ჰგავს 2020 წელს მომხდარი მონაცემთა გაჟონვის შედეგად შექმნილ ინფორმაციას, რომელსაც მიაკუთვნებდნენ საარჩევნო კომისიის გაჟონილ ბაზას, თუმცა სახელმწიფომ ეს გაჟონვა უარყო. აღმოჩენილი მონაცემები სავარაუდოდ, წარმოქმნილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დაცული ინფორმაციის შეჯერებით, მასში მრავლადაა დუბლირება, რის გამოც საერთო რიცხვი აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კიბერსაფრთხეების შესახებ მეტნაკლებად მზარდია, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. ითვლება, რომ "რა პრობლემაა, ვინც უნდა იმან იცოდეს ჩემი პირადი ნომერი...", რაც მცდარი მიდგომაა, რადგან პერსონალური ინფორმაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად, ადამიანზე ფარული მიყურადებისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორების დასაგეგმად, ფიშინგის ან სოციალური ინჟინერიის სხვა კამპანიების საწარმოებლად.
გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია, სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს;
გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება“, - წერს გოცირიძე.