ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის 9.4%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის მეოთხე კვარტალში 8.8%-ით გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, მშპ-ს ზრდის პროგნოზი დათვლილია ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა საქართველოს სავაჭრო ბრუნვა და გაცემული სესხები, ხოლო რეზერვები შემცირდა.
„ნოემბერში საქართველოს ექსპორტი წლიურად 12.6%-ით გაიზარდა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ავტომობილების ექსპორტის/რეექსპორტის (გაიზარდა 18.2%-ით წინა წელთან შედარებით), არადენატურირებული ეთილის სპირტის, სპირტიანი სასმელების, ლიქიორებისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების (გაიზარდა 21.9%-ით), ყურძნის ღვინის (გაიზარდა 9.9%-ით), დოზირებული მედიკამენტების (გაიზარდა 33.9%-ით), თხილისა და სხვა კაკლის (გაიზარდა 25.1%-ით), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (გაიზარდა 382.3%-ით) მნიშვნელოვანი ზრდით.
ამ პერიოდში საქონლის იმპორტი წლიურად 14.2%-ით გაიზარდა, რაც ავტომობილების იმპორტის/რეიმპორტის (გაიზარდა 23.1%-ით), შერეული საქონლის (გაიზარდა 281.9%-ით) და ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების (გაიზარდა 49%-ით) წლიური ზრდით იყო განპირობებული. ამის საპირისპიროდ, შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი/რეიმპორტი (შემცირდა 23.8%-ით). შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 10%-ით გაიზარდა და 938 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება სარეზერვო აქტივებს, ნოემბერში რეზერვები წლიურად 19.5%-ით შემცირდა. სარეზერვო აქტივები წარმოადგენს მნიშვნელოვან ბუფერს გარე შოკებისგან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მათი შემცირება არა მხოლოდ ასახავს გარე მოწყვლადობის დაძლევის შემცირებულ შესაძლებლობას, არამედ შეიძლება მიუთითებდეს ინვესტორთა ნდობის შესუსტებაზე. შესაბამისად, სარეზერვო აქტივების ეს მნიშვნელოვანი შემცირება უარყოფითად აისახა მშპ-ის ზრდის პროგნოზზე.
ნოემბერში კომერციული ბანკების სამომხმარებლო კრედიტის საერთო მოცულობა წლიურად 26.1%-ით გაიზარდა, რაც ასახავს საკრედიტო აქტივობის სიძლიერეს. მოკლევადიანი სამომხმარებლო კრედიტი წლიურად 73.5%-ით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო როგორც ეროვნულ (34.9%), ისე უცხოურ (206%) ვალუტაში გაცემული სესხების მნიშვნელოვანი ზრდით. ამასთან, კომერციული ბანკების მიერ გაცემული გრძელვადიანი სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა წლიურად 24.8%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო კრედიტის ასეთი ზრდა სესხების აღებისა და ხარჯვის გაზრდილ შესაძლებლობაზე მიუთითებს, რამაც ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნას და ნაწილობრივ გააბათილა მშპ-ის ზრდის პროგნოზზე მოქმედი ზოგიერთი უარყოფითი ფაქტორი.
ამასთამავე, ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაციის დონე 1.3%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია მიზნობრივ 3%-ზე. საერთაშორისო სასაქონლო ფასების სტაბილურობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინფლაციური წნეხის შემცირებაში. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია თანდათანობით დაუბრუნდება საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობის ფასები გლობალურ ბაზარზე (Euro Brent Spot Price) წლიურად 10.4%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, სამომხმარებლო ფასების ინდექსთან დაკავშირებულ ცვლადებს უარყოფითი გავლენა ჰქონდათ მშპ-ის პროგნოზზე“, - აღნიშნულია ISET-ის პროგნოზში.