„ბიზნესების დასანქცირება ყველაზე მძიმე იქნება ქვეყნისთვის - ამ გარემოში, რთულია ინვესტორი შემოვიდეს“ - ზურაბ ლალაზაშვილი

უკლებლივ ყველა ბიზნესი წუხს, რომ განწყობის და მოლოდინების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის ნეგატიური მოლოდინები გამომდინარეობს დეკემბრის თვიდან, როდესაც ბიზნესების ნაწილს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეეხო. ამასთანავე, ლალაზაშვილმა ისაუბრა ინვესტორებსა და მოლოდინებთან დაკავშირებითაც.

„ბიზნესს ამოძრავებს განწყობები და მოლოდინები. თუ პოზიტიური მოლოდინები აქვს, იღებს თამამ გადაწყვეტილებებს გაფართოება იქნება ეს, პროდუქციის დამატება, თანამშრომლების დამატება თუ სხვა კუთხით. დეკემბრის თვიდან გამომდინარე, როდესაც ბევრ სექტორში იყო მკვეთრი კლება, უარყოფითი ფონი უფრო ფართოდ გადავიდა ბიზნესზე. ზოგზე შესაძლოა, ნაკლები გავლენა მოახდინა, მაგრამ უკლებლივ ყველა მათგანი წუხს, რომ განწყობის და მოლოდინები კუთხით არის გაუარესება მდგომარეობის.

საქართველოს ბაზარი პატარაა, მოსახლეობის რაოდენობა არის 3.7 მილიონი, მსყიდველუნარიანობა კი დაბალია. აქედან გამომდინარე, ცოტაა ისეთი კომპანია, რომელიც მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის დიდ ინვესტიციას განახორციელებს და აქედან დიდ შემოსავლებს მიიღებს. ძირითადად არიან კომპანიები, რომლებსაც აქ სურთ ინვესტიციების განხორციელება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა.

როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას ინვესტორის მიერ ისეთი წარმოება, რომელიც იქნება გრძელვადიანი და მომდევნო წლებშიც უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას. ინვესტორი გრძელვადიან პერსპექტივაში როდესაც შემოდის, უნდა იცოდეს რომ აქ არის ისეთი გარემო, რომ რეგულაციები სწრაფად არ შეიცვლება, დაცული იქნება მისი ქონება და ფინანსური ინტერესი, იქნება ისეთი გარემო რომ თანამშრომლებს დაიქირავებს, ბარიერები არ ექნება და ა.შ.

ჩვენთან ახლა ინვესტორი უყურებს, რომ იზოლაციაში ვექცევით იმ საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომლის ნაწილადაც აღვიქმებოდით წლების განმავლობაში, დასანქცირებული გვყავს ხელისუფლების წარმომადგენლები და საუბარია ბიზნესზეც. ეს [ბიზნესების დასანქცირება] ყველაზე მძიმე იქნება ქვეყნისთვის, ამ ჭრილში არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ კონკრეტულ ბიზნესებს, ეს ემუქრება იმ კომპანიებს, სადაც მუშაობენ, საბანკო სექტორთან მათი ურთიერთობა და ა.შ. შექმნილ გარემოში ვიღაცამ [ინვესტორმა] რომ გადაწყვიტოს საქართველოში შემოსვლა, რთულია“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

მერი ტაბატაძე