ზუთხის მწარმოებელ კომპანიას იაფ კრედიტს არ აძლევენ

კომპანია "იხტიოსი", რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო ზუთხის წარმოება, გაფართოებას ვერ ახერხებს.

როგორც კომპანიის მენეჯმენტმა bpn-ს განუცხადა, ერთი წელია, ნახევარი მილიონი დოლარის შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტის მიღებაზე განაცხადი წარდგენილი აქვთ, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. "წელიწადში 50 ტონა ზუთხს ვაწარმოებთ და მთელი საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ქსელებში ვყიდით. გაფართოებისთვის საჭიროა თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რათა არა მარტო ცოცხალი თევზის რეალიზაცია, არამედ სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის, ხიზილალის წარმოება და დაფასოება შევძლოთ. თუმცა, სესხი არ მოგვცეს. ასე სოფლის მეურნეობა საქართველოში ვერ განვითარდება", - განაცხადეს "იხტიოსში".

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ზღვის პროდუქტების იმპორტი საქართველოში წელიწადში 40 მილიონ დოლარს აჭარბებს, მისი ნახევრის წარმოება კი საქართველოში სავსებით შესაძლებელია. "ჩვენი პროდუქცია ფასის თვალსაზრისით უკონკურენტოა. 1 კგ ზუთხი 16 ლარი ღირს", - აღნიშნეს კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ "იხტიოსი" აჭარაში 2011 წელს დაფუძნდა, მაგრამ სრულფასოვნად 2014 წელს ამუშავდა. საწარმოში, სადაც ზუთხთან ერთად ამერიკულ კალმახსაც აწარმოებენ, მილიონნახევარი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ბელა ნოზაძე