1-ლი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს შეღავათები უუქმდებათ. საქმე ეხება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც დღემდე სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის 1%-ს შეადგენდა.
თუმცა, 1-ლი თებერვლიდან, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შედეგად, მათი დაქირავება გაუძვირდება სამშენებლო სექტორსაც.
აღსანიშნავია, ისიც რომ სამშენებლო სფეროს წარმომადგენელ სუბიექტს არ შეეზღუდება ფიზიკური პირებისთვის მომსახურება და ამ შემთხვევაში კვლავ შეეძლებათ მცირე მეწარმის სტატუსი მიიღონ და მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
როგორც „არსის“ დირექტორი ბესო ორთოიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს თავისთავად აძვირებს მომსახურებას, რაც საბოლოოდ უძრავის ქონების ღირებულებაში აისახება.
„ჩემი მოსაზრებით, ეს უძრავ ქონებას გააძვირებს. თვითღირებულებაზე იმოქმედებს. იმიტომ, რომ თვითონ ეს ინდმეწარმეები ამ გადასახადს ვერ გადაიხდიან, კანონმდებლობით გამოდის, რომ მათ უნდა გადაიხადონ 20-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იხდიდნენ.
შესაბამისად, ალბათ, კომპანიები ამ მეწარმეებთან რაღაცნაირად შეთანხმდებიან, ან თავად გადაიხადონ, ან ანაზღაურება გაუზარდონ, შესაძლოა, ნაწილობრივ აიღოს კომპანიამ თავის თავზე ეს გადასახადი და ნაწილი ინდმეწარმეებმა გადაიხადონ.
ყველა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ეს უძრავი ქონების თვითღირებულებაზე იმოქმედებს. ბაზარზე არ არის ის ვითარება, რომ ხელოსნებმა თავის თავზე აიღონ 20-ჯერ უფრო მეტის გადახდა, ვიდრე აქამდე იხდიდნენ.
რაც შეეხება რამდენად გააძვირებს უძრავ ქონებას, გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ გააჩნია კონკრეტულ მშენებლობაში დასაქმებულების რა ნაწილია ინდმეწარმეები. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ხელოსანი, ვინც დასაქმებული იყო, ინდმეწარმედაა გაფორმებული. ზოგიერთ სამშენებლო კომპანიას თავისი მუდმივი, შტატიანი თანამშრომლები ჰყავს და ისინი ისედაც იხდიან ჩვეულებრივ საშემოსავლოს. ამიტომ, გააჩნია კომპანიას, რა რაოდენობით ჰყავს დაქირავებული ინდმეწარმეები“, - ამბობს ბესო ორთოიძე.