„ამის გამო სანქციების ქვეშ რომ მოვექცეთ, ეს იქნება უსამართლობა“ - ასე ეხმაურება ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი ავტომობილების რუსეთში შესაძლო მოხვედრას.
საუბარია ორი ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელთა შედარება იძლევა სურათს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ყირგიზეთში ექსპორტირებული მანქანების მხოლოდ 17.5 % ჩადის, დანარჩენი კი გზაში „იჭედება“.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ყირგიზეთში 31 092 მანქანა გავიდა (1.076 მლრდ დოლარის ღირებულების), აქედან, ერთი ერთეულის საშუალო ფასი 34 600 დოლარი იყო. ხოლო, ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის მიხედვით, 2024 წლის იგივე პერიოდში, საქართველოდან ყირგიზეთში 5 440 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, ჯამში 61.235 მლნ დოლარის ღირებულების (ერთ ერთეულის საშუალო ფასმა 11 300 დოლარი შეადგინა). შესაბამისად, გამოდის, რომ 2024 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი მანქანებიდან მხოლოდ 17.5% ჩავიდა, დანარჩენი 25 652 მანქანა კი გზაში „გაიჭედა“.
დარგის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით გაგზავნილი ავტომობილები რუსეთში ხვდებოდეს, რადგან აშშ-იდან და ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციაში ავტოექსპორტი აკრძალულია. რუსეთის ფედერაციაში მანქანების გაგზავნა პირდაპირ საქართველოდან კი 2023 წლის აგვისტოდან შეჩერდა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე იმ შესაძლო ვარიანტებს განიხილავს, რა მიზეზითაც სავარაუდოდ, ქვეყნების სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ერთი ვარიანტია, რომ ყირგიზეთი სტატისტიკაში შუამავალ ქვეყანას არ თვლიდეს და მონაცემებში პირდაპირ აშშ-იდან იმპორტს უთითებდეს, თუმცა თეორიულად დასაშვებად თვლის, რომ ეს ავტომობილები რუსეთში ხვდებოდეს.
ალექსი ნონიაძის თქმით, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, უსამართლობა იქნება, თუ საქართველო დასანაქცირდება, რადგან ქვეყანას ამის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, როდესაც ორი ქვეყნის სტატისტიკურ მაჩვენებლებს ვადარებთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მეთოდოლოგიას, რის მიხედვით ითვლიან. სხვა შემთხვევაში არარელევანტურია. დიდი ალბათობით, ცენტრალური აზიის ქვეყნები არ ითვალისწინებენ შუამავალ ქვეყნებს. მაგალითად, სქემა არის ასეთი - აშშ, საქართველო, შემდეგ ყაზახეთი ან ყირგიზეთი. არ არის გამორიცხული, რომ მათი სტატისტიკის დეპარტამენტი პირდაპირ ითლის არა საქართველოდან რეექსპორტით შესულ ავტომობილებს, არამედ პირდაპირ აშშ-დან ექსპორტირებულს ათვლიდეს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ კითხვის ნიშნებს იწვევს და შესაძლოა, თეორიულად დაშვება გავაკეთოთ, რომ როდესაც შედის საზღვარზე სრულად არ ისახება ავტომობილების რაოდენობა.
ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ და თეორიულად დავუშვათ, რომ აქედან შესული ავტომობილები ხდებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ამის კონტროლის მექანიზმი, არ არის საქართველოს ხელში. მაშინ ის ქვეყნები, ვინც ამ საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობდნენ, ყველა უნდა იყოს პროცესში ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაკონტროლება მხოლოდ საქართველოს მხრიდან ვერ მოხერხდება, ფიზიკურად შეუძლებელია.
ჩვენ ამის გამო სანქციების ქვეშ რომ მოვექცეთ, ეს იქნება უსამართლობა, იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ვერავინ გააკონტროლებს, საზღვარს რომ გადალახავს ავტომობილი, სად მოხვდება“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.