ურეკში ტურისტების სიმცირეს უჩივიან

"ურეკის ტურისტული პოტენციალის განვითარებას ხელს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა უშლის", - აცხადებს სასტუმრო "კოლხიდას" მფლობელი ამირან ჩხაიძე.

როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, საკურორტო ზონაში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების, ასევე კანალიზაციის სისტემით უზრუნველყოფა. "შარშან გადათხარეს მთელი ურეკი და მილები ჩაყარეს, მაგრამ არაფერი მუშაობს. გვპირდებიან მომავალ წლისთვის დავასრულებთო. ასფალტიც კი არ დააგეს წესიერად. ვინ უნდა ჩამოვიდეს ასეთ ადგილზე დასასვენებლად? გაოცებულები არიან შუამავალი პირები, ვისაც სასტუმროებში ტურისტები ჩამოჰყავთ", - აღნიშნა "კოლხიდას" მეპატრონემ. მისივე თქმით, მეწარმეები თხევადი ბუნებრივი აირით, ე.წ. ბალონებით სარგებლობენ, რაც საკმაოდ მოუხერხებელი და ძვირი სიამოვნებაა. თუმცა ტურისტების სიმცირის გამო მომსახურებას მაღალ ფასებს ვერ ადებენ.

"ჩვენი სასტუმრო სანატორიუმია, შესაბამისად, დღე-ღამეში მომსახურება სამჯერადი კვებით და მედიკოსებით 50 დოლარი ღირს. მოსახლეობა კი ერთ ადგილს 7-10 ლარად აქირავებს, როგორც ხედავთ, საკმაოდ დაბალი ფასებია", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

როგორც ამირან ჩხაიძე მიიჩნევს, საჭიროა, მოხდეს მაგნიტური ქვიშების სამკურნალო თვისებებზე კვლევის ჩატარება და მისი პოპულარიზაცია უცხოეთში.

ბელა ნოზაძე