ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 28,6 მილიონი დოლარით შეავსო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში 28.6 მილიონი დოლარი იყიდა - ამის შესახებ Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

მთლიანობაში, 2024 წელს სებ-მა 482.6 მილიონი დოლარი იყიდა და 917.4 მილიონი დოლარი გაყიდა, საიდანაც Bmatch პლატფორმით - 535.3 მლნ დოლარი, სავალუტო აუქციონებზე კი 382.1 მლნ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით, 4.45 მლრდ. დოლარს შეადგენს.

„სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს.

დეკემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 28.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით, 4.45 მლრდ. დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.