რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე 17 მონაკვეთზე 24 საათის განმავლობაში მაზუთის ახალი ემისიები დააფიქსირა, რომლის საერთო სიგრძე 63 კილომეტრზე მეტია.
ამის შესახებ სამინისტროს Telegram-არხზე წერია.
ასევე, უწყების ინფორმაციით, 24 საათში შავი ზღვის აკვატორიის 153 კვ.კმ. იქნა შესწავლილი. სამინისტროს თანამშრომლებმა 2,300 კვადრატული მეტრი სორბენტით დაამუშავეს, ხოლო ჩაძირულ ტანკერ Volgoneft-239-იდან მაზუთის ამოტუმბვა დაასრულეს.
მყვინთავები ჩაძირული გემების შესწავლას განაგრძობენ და ნავთობპროდუქტები ზღვის ფსკერიდან სანაპიროზე გამოაქვთ.
მხოლოდ კრასნოდარის მხარეში 24 საათის განმავლობაში 2,300 ტონა დაბინძურებული ქვიშა და ნიადაგი იქნა ამოღებული. სამუშაოების დაწყებიდან, მათ შორის, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიებიდან 303 კმ-ზე მეტი სანაპირო ზოლი გაიწმინდა და 175,000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ნიადაგი შეგროვდა.
ცნობისთვის: რუსული ტანკერები, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ქერჩის სრუტეში 2024 წლის 15 დეკემბერს ჩაიძირა. ფედერაციის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აკვატორიაში 4 ათასი ტონა მაზუთი დაიღვარა, რომელთა ნაწილი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. დაბინძურების ლაქები კრასნოდარის მხარის, ყირიმისა და აზოვის ზღვის სანაპიროებზე იქნა აღმოჩენილი.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ამ ინციდენტს 21-ე საუკუნის დადგომის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა. ასევე, სრულიად რუსეთის ბუნების დაცვის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს წევრი, სერგეი ოსტახი აცხადებს, რომ კატასტროფის შედეგების სრულად აღმოფხვრას სამ წელზე მეტი დასჭირდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ