საემიროების უმსხვილეს დეველოპერული კომპანია, EMAAR საქართველოში მრავალმილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.
ვიზიტის ფარგლებში დაანონსდა, რომ EMAAR-თან ქართულ სამთავრობო დელეგაციის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
Emaar Properties (Emaar) არაბეთის გაერთიანებული საემიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა. მის ორ უმსხვილეს აქციონერს დუბაის მმართველი, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და საემიროების კეთილდღეობის სუვერენული ფონდი, Investment Corporation of Dubai წარმოადგენს.
Emaar საჯარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც დუბაის ფინანსურ ბაზარზე არის კოტირებული და 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით 16.8 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. Emaar-მა დუბაის თანამედროვე იერსახის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და საერთაშორისო დონეზე თავისი პოზიცია გააფართოვა.
Emaar Properties Dubai არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია თავისი სხვადასხვა მასშტაბური პროექტებით, როგორიც არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, “ბურჯ ხალიფას” (Burj Khalifa) მშენებლობა.
Emaar Properties 1997 წელს კომპანიის მმართველის, მოჰამედ ალაბარის მიერ დაარსდა. Emaar-ის ინტერესი როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარებაა. ის, ასევე, წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრებსა და სტუმართმოყვარეობის ბიზნესში. 2000 წლის IPO-ს შემდეგ, როცა საჯარო კომპანიის სახით ოპერაციები დაიწყო, თავიდან აქციათა 100%-ს დუბაის მთავრობა ფლობდა, ხოლო დამფუძნებელ აქციონერებს 24,3%-იანი წილი ეკუთვნოდათ. იმავე წელს დუბაის ფინანსურ ბაზარზე კოტირებით Emaar Properties უძრავი ქონების პირველი კომპანია გახდა, რომელმაც აქციები უცხოელ მოქალაქეებს შესთავაზა.
კომპანიის დეველოპერული პროექტების პირველი ფაზა 2001 წელს დაიწყო, როცა Emaar-მა სააპარტამენტო ექვსი კოშკიდან სამის აშენებაზე ერთობლივი საწარმოს კონტრაქტი გააფორმა.
2003 წელს კომპანიამ თავისი გამხსნელი დეველოპერული პროექტის გეგმა გაასაჯაროვა, რომელიც მოგვიანებით Downtown Dubai-ს სახელით გახდა ცნობილი. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, Burj Khalifa-სა და მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრის, The Dubai Mall-ის მშენებლობის ორი პროექტი. The Dubai Mall ოფიციალურად 2008 წელს, ხოლო Burj Khalifa 2010 წელს გაიხსნა.
160-სართულიანი Burj Khalifa 2716.5 ფუტ სიმაღლისაა, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი მიზნებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო Dubai Mall-ში 1200-ზე მეტი მაღაზია და 200 რესტორანია. იქ, ასევე, დუბაის აკვარიუმი, წყალქვეშა ზოოპარკი და რეგიონის უდიდესი კინოთეატრი, Reel Cinemas არის გახსნილი, ასევე, მოწყობილია დუბაის ყინულის მოედანი.
Dubai Mall-ის გაფართოების ფარგლებში, Emaar-მა 55-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, Downtown Views-ის მშენებლობა დაიწყო.
ამასთან, Emaar Properties-ის დუბაის შადრევანი მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოქმედი შადრევანია, რომელმაც ფუნქციონირება 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
2014 წელს Emaar-მა მსოფლიოს უმაღლესი გადასახედი მოედანი, At the Top, Burj Khalifa SKY გახსნა, რომელიც Burj Khalifa-ს 148-ე სართულზე, 555 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
უცხოურ ბაზრებზე Emaar-ის ექსპანსია 2004 წელს, Emaar International LLC-ის დაარსებით იწყება. კომპანიამ პროექტები აფრიკაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და მთელ ახლო აღმოსავლეთში განახორციელა. სხვადასხვა შვილობილი კომპანიების მეშვეობით Emaar-მა განახორციელა უძრავი ქონების დეველოპერული პროექტები პაკისტანში, ინდოეთში, იორდანიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, მაროკოში, აშშ-ში, საუდის არაბეთში, სირიაში, ერაყის ქურთისტანსა და თურქეთში. ზოგიერთი პროექტი ისეთ განვითარებას მოიცავდა, როგორიც არის Beit Misk ლიბანში, Jeddah Gate საუდის არაბეთში და Samarah Dead Sea Resort იორდანიაში.
2014 წლისთვის Emaar-ს უძრავ ქონებაში 11.4 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული.
2020 წლის დეკემბერში მოჰამედ ალაბარი Emaar-ის მმართველის პოსტიდან გადადგა, თუმცა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის კურირებას განაგრძობდა.
ამჟამად 48,3 მლრდ დოლარის სუფთა აქტივების ღირებულებით Emaar Properties უძრავი ქონების მსოფლიო დეველოპერებს შორის ყველაზე პრესტიჟული და ღირებული კომპანიაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ