ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით 14-15 ივლისს შეხვედრები იმერეთისა და გურიის მოსახლეობასთან გაიმართება

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით 14-15 ივლისს საინფორმაციო შეხვედრები იმერეთისა და გურიის მოსახლეობასთან გაიმართება. კომუნიკაციების კომისია მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგს აქვეყნებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 14 ივლისს, 13:00 საათზე, შეხვედრა გაიმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ზესტაფონი, ლაღიძის ქ. №22, პირველი სამუსიკო სასწავლებელი). შეხვედრას ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულისა და ტყიბულის საზოგადოება დაესწრება. ამავე დღეს, 16:30 საათზე, - ქ. ქუთაისში (მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.№3, მერიის ადმინისტრაციული შენობა). მიწვეულია ქუთაისის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის და ბაღდათის საზოგადოება. 15 ივლისს, 12:00 საათზე, შეხვედრა ჩატარდება ფოთში. (მისამართი: ქ. ფოთი, წმ. ნინოს ქ.№6, ქ. ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა). მიწვეულია ფოთის, აბაშის, სენაკის, ხობისა და მარტვილის საზოგადოება. იმავე დღეს, 16:00 საათზე, შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1, მერიის ადმინისტრაციული შენობა). მიწვეულია ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის საზოგადოება.

როგორც კომისიაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 2015 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო და იგი 25 აგვისტოს დასრულდება. პირველი გასვლითი შეხვედრა 6 ივლისს, გორსა და ხაშურში გაიმართა.  კომისიის განმარტებით, ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის," ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ. "შიდა ქართლის შემდეგ, გრაფიკის მიხედვით 18 ივლისს, 10:00 საათიდან, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი ითიშება ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში, ასევე გაითიშება აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები აღნიშნულ რეგიონებში ორი დღით ადრე დაიწყება",- განმარტავენ კომისიაში.

მათივე თქმით, ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი.  "ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ", - აცხადებენ კომისიაში.

კომისიის განცხადებით, ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.