“2023 წელს ქვეპროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარებიდან, 5 შემთხვევაში ვერ დასტურდება, ჯამში − 26,995 ლარის ღირებულების გადაცემული აქტივების გამოყენება, პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად”, - ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია საუბარი, რომელიც ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობას შეეხება.
ამავე დასკვნის მიხედვით, ერთ შემთხვევაში ბენეფიციარმა 2,800 ლარის ღირებულების გადაცემული აქტივები თვითნებურად გადაცვალა უფრო დაბალი ღირებულებისა და სიმძლავრის აქტივებზე.
ცნობისთვის, სააგენტოს მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული პროგრამებიდან ორი ქვეპროგრამით, ბენეფიციარებზე ჯამში − 277,830 ლარის ღირებულების აქტივი/მომსახურება გაიცა.
„აღნიშნული ქვეპროგრამების ფაგრლებში პოტენციურ ბენეფიციარებს შეეძლოთ წარმოედგინათ განაცხადები, რომელთა შორის გამარჯვებული პროექტები ვლინდებოდა საკომისიო გადაწყვეტილებით. შემდგომ, განაცხადების შესაბამისად ხდებოდა საჭირო ინვენტარის შესყიდვა და გამარჯვებული ბენეფიციარებისათვის გადაცემა ხელშეკრულებების საფუძველზე, სარგებლობის უფლებით. დადებული ხელშეკრულებების მიხედვით სააგენტო გარკვეული პერიოდის მანძილზე ახორციელებდა მონიტორინგს და აქტივი, მხოლოდ მიზნობრივი გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, გადაეცემოდა ბენეფიციარს საკუთრებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, ფაქტობრივი შესწავლით დადგინდა:
2023 წელს ქვეპროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარებიდან, 5 შემთხვევაში ვერ დასტურდება, ჯამში − 26,995 ლარის ღირებულების გადაცემული აქტივების გამოყენება, პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად. ერთ შემთხვევაში ბენეფიციარმა 2,800 ლარის ღირებულების გადაცემული აქტივები თვითნებურად გადაცვალა უფრო დაბალი ღირებულებისა და სიმძლავრის აქტივებზე;
2022-2023 წლებში ორ ბენეფიციარზე სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადაცემულია 3,599 და 6,399 ლარის ღირებულების პორტატული კომპიუტერები (ბრენდი − APPLE). დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ბენეფიციარების მიერ მოთხოვნილი პორტატული კომპიუტერების ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, შესაძლებელი იყო იმავე ან უფრო მაღალი სპეციფიკაციების მქონე კომპიუტერების შეძენა და გადაცემა, თუმცა სააგენტოს არ განუხილავს შესაძენი აქტივების ალტერნატიული ვარიანტები“,- ნათქვამია დასკვნაში.
ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე, ხორციელდება ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში არსებული ცენტრის დაფინანსება (ცენტრის მოვალეობაა მოემსახუროს დევნილ მოსახლეობას საინფორმაციო და საკონსულტაციო მიმართულებით). შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის თანახმად კი, ცენტრი მოემსახურა 350 ბენეფიციარს, რაც არ შეესაბამება წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
„ცენტრის მიერ წარმოდგენილ რეესტრში იდენტიფიცირდება მხოლოდ 205 მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში ბენეფიციარებზე კონსულტაციების გაწევა ხდება ზეპირად, რეგისტრაციის გარეშე.
ზემოაღნიშნული გარემოებები, მიუთითებს სააგენტოს მიერ არასაკმარისად განხორციელებულ კონტროლის ღონისძიებებზე და წარმოქმნის პროგრამების ფარგლებში ხარჯების არამიზნობრივად გაწევის რისკებს“,- აღნიშნულია ანგარიშში.