აფხაზეთის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 91% რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.
ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრის გამოკითხვის შედეგებში წერია, რაც ცენტრის Telegram-არხზე ვრცელდება.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებაში 18-24 წლის რესპონდენტების წილი 89%-ს შეადგენს. ამასთან, 88%-ი 25-34 წლის, ხოლო 91%-ი 35-44 და 60 წელზე უფროსი ასაკის რესპონდენტების წილია.
კვლევის მიხედვით, რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილ რესპონდენტთა ყველაზე მაღალი, ანუ 93%-იანი წილი 45-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია.
ამასთან, ცენტრმა 15თებერვალს ჩანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგიც წარადგინა.
კერძოდ, გამოკითხვის შედეგად, აფხაზეთის მცხოვრებთა მესამედზე მეტი, ანუ 32% დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბას, 15% ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას, ხოლო 7% რუსეთში აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენლის, ოლეგ ბარციცის მხარდაჭერას გეგმავს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამოკითხულთა 69% გეგმავს მონაწილეობას.
ცნობისთვის: საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრმა აფხაზეთის მცხოვრებლებს შორის სატელეფონო გამოკითხვა 23 იანვარს ჩაატარა. სულ 18 წლის და უფროსი ასაკის 1,634 რესპონდენტი გამოიკითხა. ცენტრი ზღვრულ ცდომილებად 2.4%-ს ასახელებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ