პირველად საემიროებში - დუბაი და აბუ-დაბი ერთმანეთს ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლებით დაუკავშირდება

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ორი უდიდესი ქალაქი, დუბაი და აბუ-დაბი ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებლებით დაუკავშირდება, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ იქნება.

ამის შესახებ დუბაის მემკვიდრე პრინცმა, შეიხ ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ეს მატარებლები ორ პოპულარულ მიმართულებას შორის მგზავრობის დროს 30 წუთამდე შეამცირებენ. პროექტი ადგილობრივმა სარკინიგზო გადამზიდავმა, Etihad Rail-მა ოფიციალურად უკვე ჩაუშვა. თუმცა ჯერ უცნობია, თუ როდის გაიხსნება ახალი რკინიგზა საზოგადოებისთვის.

Etihad Rail-მა, ასევე, საემიროებში სამგზავრო მატარებლების პირველი პარკი წარადგინა, რომლებიც საწყისი სადგურებიდან, აბუ დაბიდან, დუბაიდან, შარჯიდან და ფუჯეირიდან 200 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ.

ამჟამად Etihad Rail-ის მარშრუტების ქსელი მხოლოდ სატვირთო მატარებლებისა და ნავთობსაწარმოების პერსონალის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ