„ბიზნესებისთვის საგადასახადო წნეხი იზრდება, რომ ბიუჯეტი შეივსოს - ეს აისახება ფასებზე“ - ყარალაშვილი

„უკვე ვხედავთ ლარის კურსის მძაფრ რყევას,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისის ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, ნებისმიერ ბიზნესმენს ესმის, რომ ლარის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება გართულდება და თადარიგს იჭერენ.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ლარის კურსის მძაფრ რყევას. შარშანდელი წელი ეროვნული ბანკის მხრიდან იყო უპრეცედენტო სავალუტო ინტერვენციების, რაც ეკონომიკურად გასაგებია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი, ძლიერი ფინანსური კუნძული, რომელიც თავისით არსებობს. ჩვენ სრულად ვართ ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებში და ის არასწორად მართული პროცესები, ევროპული კურსიდან გადახვევა, სანქციების შიში და უარყოფითი მოლოდინები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მნიშვნელოვნად აისახება ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე.

ლარის კურსი კონკრეტული ერთი საკითხით არ ფორმირდება. ნებისმიერ ბიზნესმენს ესმის, რომ ლარის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება გართულდება. იმ გათვალისწინებით, რომ ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი იჭერს თადარიგს, მაგრამ ყველაფერს ლიმიტი აქვს,“ - აღნიშნავს „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი.

მანვე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სექტორისთვის პირდაპირ ან ირიბად შექმნილ საგადასახადო წნეხზე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ბიზნესზე ზეწოლით ბიუჯეტის შევსებას ემსახურება.

„ვხედავთ, რომ სხვადასხვა სექტორში საგადასახადო ნაწილში წნეხი პირდაპირ თუ ირიბად იზრდება - იმისთვის, რომ ბიუჯეტი შეივსოს. მაგალითად, ვნახეთ, რომ არმატურის იმპორტზე 1 ტონაზე 400 ლარზე მეტი დამატებითი გადასახადი იქნა მიღებული. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, შარშან 400 ათას ტონაზე მეტი იქნა შემოტანილი და თითქმის 1.6 მილიონი ლარის ამოღება მოხდება ბიუჯეტის სასარგებლოდ წლიურ ჭრილში. ეს საბოლოო ჯამში აისახება მომხმარებელზე, ნებისმიერ ბიზნესმენს მოუწევს ყველა ამ ხარჯის საბოლოო გადამხდელზე, მომხმარებელზე გადატანა,“ - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 25 იანვრიდან იმპორტირებული არმატურა 1 ტონაზე, 420 ლარით დაიბეგრება. გადაწყვეტილება ძალაში 7 თვის განმავლობაში, 1-ელ სექტემბრამდე იქნება. 2024 წელს არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე საშუალოდ 570 დოლარს შეადგენდა. დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ კი, მისი ღირებულება ტონაზე 718 დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ არმატურის დაბეგვრის წესის ცვლილებას, წინ უსწრებდა ბიზნესების ნაწილის მიმართულებით მიღებული საგდასახადო ცვლილებები. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით, ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით იზრდება.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის თანაბრდება. უფრო კონკრეტულად, საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის დივიდენდის 5%-იანი გადასახადი უქმდება და ნაცვლად 15%+5%-ისა მათ შემოსავლის 20%-ის გადახდა მოუწევთ.

ამასთან, იზრდება გადასახადები სამშენებლო მიმართულებითაც. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებებით, 2025 წლის 1-ლი თებერვლიდან თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.

კიდევ ერთი ავტომობილის ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადის 150 ლარის ოდენობით გაძვირებაა. ავტორები ცვლილებებით წლიურად ბიუჯეტის 15 მილიონი ლარით ზრდას მოელიან.

მერი ტაბატაძე