ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელმაც 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გაიტანა

ქართული პროდუქციის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, ხოლო 2023 წელს 2.86 მილიარდი აშშ დოლარის.

საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ქართული პროდუქციის ექსპორტში 20024 წელს რუსეთის წილი 21.7%-ს შეადგენდა (653 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია), ხოლო 2023 წელს 19.5% იყო (559 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების).

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ექსპორტის უდიდეს ნაწილს შემდეგი კომპანიები ახორციელებს: „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“, „ბადაგონი“,„კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“, „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კ და ქართული სპირტი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ლოადს“ და „უნიონ ექსპორტი 2024“.

გთავაზობთ, ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტი განახორციელა:

  • „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“ - სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. „ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. შედეგად, აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.
  • სს „ბადაგონი“ 2003 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, 2018 წელს კი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. reportal-ge-ს მონაცემების თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, „ბადაგონის“ ერთადერთი აქციონერი გიორგი სალაყაია იყო. კომპანიის დირექტორად მარინა გიორგაძე ფიქსირდება.
  • შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ რეესტრში 2004 წელს არის რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი არის დავით დუგლაძე. რაც შეეხება მეწილეებს, კომპანიის 25.66%-იან წილს ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს, 25.68%-ს - ზაალ დუგლაძე, თუმცა მისი წილის მმართველი დავით დუგლაძეა, თავად დავით დუგლაძე წილის 25.66-ს განკარგავს, ხოლო 23%-ს შპს „აისი ინკ“. ამასთანავე, „აისი ინკ“ რეგისტრირებულია 2016 წელს, 2024 წელს განახლებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავით დუგლაძეა, მეწილეები კი ზაალ დუგლაძე (34%-განკარგავს დავით დუგლაძე), დავით დუგლაძე (33%) და ალექსანდრე ივანიშვილი (33%).
  • ათეულში შედის სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“, რომელიც 1996 წელს დარეგისტრირდა. 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორი გოჩა გიოშვილია. Reportal.ge-ს მონაცემებით, სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“ შპს „აისი ინკ“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც იგივე შპს-ეა, რომელიც „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ 23%-ს ფლობს.
  • შპს „ასკანელი ძმების“ დირექტორი არის ირაკლი უგულავა. რაც შეეხება წილს, 45%-ს შპს „ასკანელი ვაინერი&დისტილერი“ ფლობს, ხოლო გოჩა ჩხაიძე - 55%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ გოჩა ჩხაიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს და რუსეთის ფედერაციის. ამასთანავე, კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება, საბჭოს თავმჯდომარე ჯიმშერ ჩხაიძეა, ხოლო წევრები არიან ბესიკ კევლიშვილი, ნატალია სტოგონოვა (რუსეთის მოქალაქე) და გოჩა ჩხაიძე.
  • „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ რეგისტრირებულია 2001 წელს, მისი გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძეა. კომპანიის წილებს სრულად ჩხაიძე განკარგავს.
  • შპს „კ და ქართული სპირტი“ რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა. მისი გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაურია, ხოლო დირექტორის პოსტს გიორგი დამენია იკავებს. რაც შეეხება წილებს, 80%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს, ხოლო 20%-ს ასევე რუსეთის და საქართველოს მოქალაქე გიორგი ღამბაშიძე.
  • შპს „ლოადს“ სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს არის რეგისტრირებული. დოკუმენტების თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი მალხაზი კიკაბიძეა.
  • შპს „უნიონ ექსპორტი 2024“ 2024 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის მთლიანი წილების მფლობელი და დირექტორი ბესიკ სიყმაშვილია.

შენიშვნა: ადგილობრივი ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მერი ტაბატაძე