„გულწრფელად გთხოვთ, არ გაბედოთ, სტრასბურგის ჯინაზე, იგივე გააკეთოთ, თუ მაინც, მსგავსი მოხდება ე.ი. საქმე შეგნებულად მიგყავთ სრული ქაოსისკენ“ - ზვიად კვაჭანტირაძე

„გულწრფელად გთხოვთ, არ გაბედოთ, სტრასბურგის ჯინაზე, იგივე გააკეთოთ, თუ მაინც, მსგავსი მოხდება ე.ი. საქმე შეგნებულად მიგყავთ სრული ქაოსისკენ,“ - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია. აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმჯელებს. სცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გახადა. საკითხს 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი.

გთავაზობთ, აღნიშნულ საკითხზე ზვიად კვაჭანტირაძის პოსტს:

„იცით ხომ, რაც ხდება ჩვენს თავს?

1. ვინ არ იცოდა, რომ ზუსტად ასე არ მოხდებოდა, რაც დღეს ხდება სტრასბურგში, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად დე- ფაქტო მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი? წარმოგიდგენიათ, ულტრა ავტოკრატიულ ბელორუსსაც კი ყავს პარლამენტში ოპოზიცია. ჩვენ და უკაცრავად, პირი ხისკენ მიქნია და ჩრდილოეთ კორეას კი არ გვყავს.

2. ვინ არ იცოდა, თუ რა მოყვებოდა იმ ცნობილ განცხადებას, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შესახებ?

ყველამ (ვ)იცოდით, მაგრამ სირაქლემას პოზიცია ამჯობინა ბევრმა. არაფერი არ მოხდებაო, ჯიუტად ამტკიცებდნენ.

ამას ნიშნის მოგებით არ ვწერ. 7 წელი ვიყავი PACE- ში საქართველოს დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში, ანუ წარმომადგენელი წევრი (Representative member) და ზუსტად ვიცი, რომ ერთპარტიული დელეგაცია ამ ორგანიზაციისთვის - ეს არის ნონსენსი. ასეთ პრეცენდენტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ დაუშვებს.

და რა ვქნათ ახლა? ისევ გავიბუტოთ, ყველას ზურგი ვაქციოთ და ფეხებზე დავიკიდოთ? ანუ, გვინდა-არ გვინდა დავდგეთ რუსეთის გვერდით, რომლის PACE -ში დელეგაციის წევრობაც უკრაინაში ომის დაწყების გამო, ასევე შეჩერებულია?

რა იქნება შემდეგი პრობლემა ? რას უნდა ველოდოთ?

იგივე ხომ არ მოხდება ნატოს და თქვენ წარმოიდგინეთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებშიც? მე ვფიქრობ, რომ არავინ, არავინ არ სცნობს რეალურად ერთპარტიული პარლამენტის უფლებამოსილებას და

ძალიან ცუდი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამის დაშვება არ შეიძლება.

გულწრფელად გთხოვთ, მოიშორეთ ემოციები. ასეთ საკითხებში მხოლოდ ცივ გონებას მოუხმეთ და არც კი გაბედოთ, თავში არც მოგივიდეთ, სტრასბურგის ჯინაზე, იგივე გააკეთოთ, რაც იმ ცნობილი განცხადებით გააკეთეთ, როდესაც "დასწრებაზე" შეაჩერეთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესი.

და თუ მაინც, ვინმეს თავში ისევ მსგავსი რამე მოიხარშება, ესეიგი, საქმე შეგნებულად მიგყავთ სრული ქაოსისკენ, რისი საბოლოო შედეგის წარმოდგენაც კი საშინლად მზარავს.

როდესაც გვაფრთხილებდნენ , რომ არალეგიტიმურები გახდებითო, ესაა სწორედ ამ სიტყვების მატერიალიზაცია, რაც დღეს სტრასბურგში ხდება. აკი,

არ გვინდოდა დაჯერება. სირაქლემას პოზიცია უფრო კომფორტული იყო ბევრისთვის. ზოგიერთებს კი, საერთოდ ფეხებზე გეკიდათ. სხვები გადაწყვეტენო, ფიქრობდით.

რა ვქნათ ახლა? გავწყვიტოთ კავშირი ყველასთან, ჩავიკეტოთ და ასე გავაგრძელოთ ჩაკეტილში ცხოვრება? როდემდე?,“ - წერს კვაჭანტირაძე.