სპეციალისტები საწვავის ხარისხის კონტროლს ითხოვენ

საქართველოში ნავთობპროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით დისკუსია არ წყდება. ქვეყანაში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. საწვავთან დაკავშირებით განმსაზღვრელია მხოლოდ სტანდარტები, რომელთა დაცვა ნავთობიმპორტიორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საავტომობილო ზეთების ბაზარზე კი სრული ქაოსია. ამ საკითხებზე "ბიზნეს-რეზონანსი" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ იობაშვილს ესაუბრა.

-ავტომფლობელები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ საქართველოში საწვავის ხარისხი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. რეალურად რა მდგომარეობაა ბაზარზე ამ თვალსაზრისით?

- არავინ იცის რამდენად სამართლიანია მომხმარებელთა პრეტენზიები საწვავის ხარისხთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოში ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბაზარზე ბევრი წვრილი კომპანია გამოჩნდა. ბუნებრივია, ახალი კომპანიების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბაზარი, მით უკეთესია. თუმცა აუცილებელია, რომ შემოსული პროდუქტი საბაჟოზევე შემოწმდეს და გაირკვეს, იგი არის თუ არა შესაბამისობაში ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან. ამ გზით დაბალი ხარისხის საწვავის შემოტანა უნდა გამოირიცხოს. საბაჟოზე კონტროლის მექანიზმი უნდა განსაზღვროს შემოსავლების სამსახურმა, ხოლო ქვეყანაში დადგენილი სტანდარტი მოითხოვონ მებაჟეებმა, შეამოწმონ ლაბორატორიებმა. ასეთი სახის კონტროლი უკვე დაინერგა საგზაო ბიტუმზე.

- რამდენიმე წლის წინათ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა ლაბორატორიულად თავად შეამოწმა ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავის ხარისხი. მაშინ ამბობდით, რომ ხარისხი სტანდარტში "ჯდებოდა". ბოლო პერიოდში ასეთი ექსპერიმენტი კიდევ ხომ არ ჩაგიტარებიათ?

- დიდი ხანია ასეთი მონიტორინგი არ ჩაგვიტარებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში საწვავის შემოწმება სავალდებულო არ არის. ეს პროცესი ნებაყოფლობითია. ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, როგორც ბიტუმის ხარისხი მოწმდება, ასევე შემოწმდეს საწვავის ხარისხი და დადგინდეს, რამდენად არის შესაბამისობაში ქვეყანაში დადგენილ სტანდარტთან. ამ გადაწყვეტილებით დაცული იქნება როგორც მომხმარებელი, ისე ბაზარი. ნავთობიმპორტიორებმა კეთილი ინებონ და დაიცვან ხარისხი.

კონტროლის არარსებობის პირობებში ბევრი სუბიექტი ეცდება დაბალი ხარისხის საწვავი შემოიტანოს. ყველას კარგად ახსოვს ირანიდან შემომავალ ავტომობილებს როგორ შემოჰქონდათ აღურიცხავი საწვავი. ამ ავტომობილებს აქვთ არასტანდარტული, დიდი ავზები, შემოჰქონდათ საწვავი და ტოვებდნენ ქვეყანაში. ჩვენ ახლაც ვართ ასეთი საშიშროების წინაშე. ვიმეორებ, საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის ლაბორატორიები, სადაც ამ პროდუქტების შემოწმება და სტანდარტების დადგენა შესაძლებელია. აბსოლუტურად მესმის ყველა იმ მომხმარებლის, რომელიც ამბობს, რომ ხარისხი არ აკმაყოფილებს. მერწმუნეთ, არც ერთ დიდ კომპანიას არ აწყობს ხარისხის გაფუჭება. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ. ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი უკონტროლობა არ შეიძლება.

- გაცილებით რთული ვითარებაა საავტომობილო ზეთების ბაზარზე. თქვენ როგორ შეაფასებთ არსებულ მდგომარეობას?

- ბაზარზე საავტომობილო ზეთების ფალსიფიცირებისა და დაბალი ხარისხის პრობლემა ისევ დგას და მდგომარეობა ოდნავადაც არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა. კერძოდ, ხდება მეორადი (გამონაცვალი) ზეთების გაფილტვრა, ბრენდირებულ ჭურჭელში (როგორც მცირელიტრაჟიანი, ასევე 200 ლიტრიანი) ჩასხმა და რეალიზება ისე, თითქოს იგი მაღალი ხარისხის პროდუქცია იყოს. არადა, ბრენდირებული პროდუქცია ქვეყანაში შემოდის სავსებით ლეგალურად ყველა საბაჟო პროცედურების გავლით. ფალისიფიკაციით, ძირითადად, დაკავებულნი არიან საავტომობილო ზეთის გამოცვლის ობიექტები. საერთოდაც, საქართველოში იმპორტირებულ ზეთებს შორის, ყველაზე დიდი წილი, ირანიდან და თურქეთიდან შემოსულ დაბალხარისხიან პროდუქტს უჭირავს.

საქართველოში წარმოდგენილია მსოფლიოში არსებული ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდი. მომხმარებელს საავტომობილო ზეთების შეძენისას აქვს არჩევანის შესაძლებლობა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. თუმცა, შეიძლება მომხმარებელმა ითხოვოს მაღალი ხარისხის პროდუქტი და მას სულ სხვა რამ მიყიდონ. საჭიროა საავტომობილო ზეთების გარკვეული ხარისხის დაწესება განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

- აღნიშნული პრობლემის შესახებ ხელისუფლება ბევრჯერ ჩააყენეთ საქმის კურსში. მათი მხრიდან რამე გამოხმაურება არ ყოფილა?

-  ხელისუფლებამ საავტომობილო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ კარგად იცის, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხით არ დაინტერესდა ან ჯერ ვერ მოიცალა. ჩვენ ერთი პერიოდი კავშირი გვქონდა ფინანსურ პოლიციასთანაც. საავტომობილო უხარისხო ზეთები პირდაპირ ქუჩებში იყიდება, თუმცა მათ არავინ ამოწმებს. ამ შემთხვევაში იკვეთება ეკოლოგიის საკითხიც. შეიძლება კი ასეთი ზეთების გამოყენება? ეს თემა აქტუალური უნდა გახდეს. დღეს მთავრობა ბიზნესის კეთებას არავის უშლის, მაგრამ ეს თავისუფლება ბიზნესმენმა ცუდად არ უნდა გამოიყენოს.

- ცვლილებებია თხევადი აირის ბაზარზეც. როგორც ვიცი, ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოსული პროდუქტიც გამოჩნდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

-  საქართველოში თხევადი აირის ძირითადი მომწოდებელი არის "სოკარი". თუმცა ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოსული პროდუქტი. ჩრდილოეთიდან დაახლოებით 300 ტონა თხვევადი აირი შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რუსეთის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომელიც აღნიშნულ საბაჟოზე ნავთობპროდუქტების გატანას კრძალავს.

საქართველოში თხევად საწვავს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. იმ რაიონებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა, მოსახლეობა საკვების მოსამზადებლად ამ პროდუქტს იყენებს. მისი რეალიზაცია განსაკუთრებით იზრდება გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ასე რომ, ამ პროდუქტის რეალიზებით ოს და რუს ბიზნესმენებს საკმაოდ დიდი ფული გააქვთ საქართველოდან.

მარიამ ხიდაშელი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"