არსებული ტექნოლოგიური მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჩინურმა სტარტაპ DeepSeek-მა ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი ბოტი წარადგინა, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ განვითარებებს და გარკვეულწილად აჯობოს კიდეც მათ - ამის შესახებ Reuters წერს.
კომპანიამ გლობალური AI-საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც დეკემბერში DeepSeek-V3-ის სწავლების ღირებულება გახდა ცნობილი. კერძოდ, Nvidia H800-ის ჩიპებზე დაფუძნებული გამოთვლითი სიმძლავრის ღირებულება მხოლოდ 5,58 მლნ დოლარს შეადგენს.
ამასთან, 27 იანვარს DeepSeek-ის AI-ასისტენტმა თავის კონკურენტ ChatGPT-ს გადაუსწრო და აშშ-ში Apple-ის App Store-ზე ჩამოტვირთვებით ნომერ პირველი უფასო აპლიკაცია გახდა. ამან ეჭვქვეშ დააყენა ხელოვნურ ინტელექტში ზოგიერთი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რამაც რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგიური მოთამაშის, მათ შორის, Nvidia-ს აქციების დაცემა გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს კომპანია OpenAI-მ ჩატბოტების ბაზარზე ChatGPT გაიტანა, ჩინურმა ტექნიკურმა კომპანიებმა საკუთარი AI-ზე მომუშავე ბოტების შესაქმნელად რბოლა დაიწყეს. DeepSeek-ის ორმა მოდელმა, DeepSeek-V3-მა და DeepSeek-R1-მა როგორც სილიკონის ველის მმართველებისგან, ასევე, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ინჟინრებისგან მაღალი შეფასება მიიღო. ეს მოდელები OpenAI-სა და Meta-ს ყველაზე მოწინავე მოდელებს არ ჩამორჩება.
მათი გამოყენება ეკონომიკურადაც მომგებიანია. კერძოდ, სოციალურ ქსელ WeChat-ის ოფიციალურ გვერდზე DeepSeek-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ გასულ კვირას ბაზარზე გამოსული DeepSeek-R1-მოდელი, OpenAI-ის o1-მოდელთან შედარებით, დავალებების მიხედვით 20-დან 50-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.
ცნობისთვის: DeepSeek ჰანჩჟოუში დაფუძნებული სტარტაპია, რომლის ძირითადი აქციონერი, ჩინური კორპორატიული დოკუმენტების მიხედვით, ჰეჯ-ფონდ High-Flyer-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ლიან ვენფენია. 2023 წლის მარტში ლიან ვენფენის ფონდმა WeChat-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სავაჭრო საქმიანობიდან ახალი დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის შექმნაზე გადადის, რომელიც ზოგადი ხელოვნური ინტელექტის, ანუ AGI-ს არსს შეისწავლის. AGI-ის ავტონომიური სისტემები ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაში ადამიანურ რესურსს ჯობნის.
იმავე წელს DeepSeek შეიქმნა, რომელშიც ჰეჯ-ფონდ High-Flyer-ის ინვესტიციის ოდენობა უცნობი რჩება. ჩინური კორპორატიული დოკუმენტების მიხედვით, High-Flyer-ს ოფისი იმავე შენობაში აქვს, სადაც კომპანია, DeepSeek არის განლაგებული. ფონდი, ასევე, ფლობს პატენტს ჩიპების კლასტერებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებისთვის გამოიყენება. DeepSeek-R1-ის მოდელი საჯაროდ 20 იანვარს ჩაეშვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ