სტივენ ბარტლეტი 32 წლის მილიონერია, რომელმაც თავად შექმნა რამდენიმე მრავალმილიონიანი კომპანია და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოდკასტის ავტორიც გახდა. ყველაფერი კი 18 წლის ასაკში დასახული მიზნებით დაიწყო.
ანტრეპრენერი წიგნში „CEO-ს დღიური“ გვიზიარებს იმ გზას, რომელიც წარმატების მისაღწევად უნდა გაიარო და ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეს მკაფიო მიზანი და შეიძლება ბევრი იოცნებო მის მიღწევაზე, მაგრამ ბევრიც უნდა იმუშაო, რომ ყველაფერი რეალობად იქცეს.
„ლურჯმა ოკაენემ“ სტივენ ბარტლეტის მსოფლიოს ბესტსელერი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა. გთავაზობთ პროექტის ხელმძღვანელის, თამთა ჯაფარაშვილის მიერ წიგნის შესახებ მომზადებულ წინასიტყვაობას:
„როდესაც 18 წლის სტივენ ბარტლეტმა პირველივე ლექციის შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა, მარტოსულმა და (პირდაპირი გაგებით) მშიერმა, მეგობრის ნაჩუქარ დღიურში ჩამოწერა მიზნები, რომლებიც საკუთარ თავს დაუსახა, რომ 25 წლის ასაკში მილიონერი გახდებოდა, Range Rover-ს ატარებდა, ნავარჯიშები სხეული ექნებოდა და საყვარელი ქალი ეყოლებოდა გვერდით.
იმ დროისთვის სტივენი ჩვეულებრივი შავკანიანი ბიჭი იყო გაკოტრებული ოჯახიდან, საჭმელს მაღაზიაში იპარავდა, სწავლის მიტოვების გამო მშობლებთანაც გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. უკვე 25 წლის ასაკისთვის, უამრავი ფინანსური თუ ფსიქოლოგიური სირთულის მიუხედავად, ყველა ოცნება აისრულა. შექმნა რამდენიმე ინოვაციური კომპანია, რომელთა ბრუნვაც, წარმატების მწვერვალზე, ჯამურად მილიარდ დოლარს აჭარბებდა. მოთხოვნადი, აქტუალური და მასებისთვის მიმზიდველი გახდა. თუმცა, კლასიკური გაგებით წარმატების მწვერვალზე მყოფიც კი თავს ისეთივე მარტოსულად გრძნობდა, როგორც 18 წლის ასაკში, ჯიბეცარიელი, მაღაზიების ვიტრინების წინ.
საბოლოოდ, 27 წლისამ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე ტრანსფორმაციული გადაწყვეტილება მიიღო – CEO-ს პოზიცია დატოვა და იმ გზას გაჰყვა, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნებოდა ღირებული და მნიშვნელობის მქონე. დღეს სტივენი 32 წლისაა. სხვა მრავალ ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოდკასტის – „CEO-ს დღიურის“ შემქმნელი და წამყვანია. 2024 წლის 28 ნოემბერს პოდკასტმა რეკორდული მაჩვენებელი, მილიარდი ჩამოტვირთვა, დააფიქსირა და უკვე მესამედ დასახელდა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში, ჩამოტვირთვების მიხედვით, მეხუთე პოდკასტად.
P.S. ამ ყველაფერთან ერთად, ნავარჯიშები სხეულიც აქვს და ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობაც. ერთი სიტყვით, მისი პირველი წიგნის სათაურისა არ იყოს, ბედნიერი და სექსუალური მილიონერია.
ლამაზი ამბავია, არა? შთამბეჭდავი და შთამაგონებელი. გიჩვენებს, რომ თუ სტივენმა შეძლო ძლიერი პირადი ისტორიის (self-story) შექმნა, შენც შეგიძლია.
„CEO-ს დღიური“ გამორჩეული წიგნია იმდენად, რამდენადაც სტივენ ბარტლეტის ანტრეპრენერული გზა და პიროვნული ტრანსფორმაციაა გამორჩეული. რაღაც დიადის შექმნისკენ სწრაფვა, სოციალურ კონსტრუქტებზე უარის თქმითა და წარმატების გზაზე უნიკალური, მხოლოდ შენეული განსაზღვრებით მიგნებული არჩევანით სიარული წარმოუდგენელ გამბედაობასა და დისციპლინას, ყველაზე მძაფრი შიშებისთვის თვალის გასწორებას, სათადარიგო გეგმის არარსებობასა და ისეთი საქმეების კეთებას გულისხმობს, რომლებშიც კვალიფიკაცია არ გაქვს. ამავდროულად, ესაა ერთადერთი გზა, რომელიც ეგოსა და მისი მუშაობის პრინციპების შეცნობაში, ბავშვობაში ჩამოყალიბებული შემზღუდავი რწმენა-წარმოდგენების დადგენასა და შესაბამისად, სრული ადამიანური შესაძლებლობებით სავსე ცხოვრების შექმნაში დაგეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესლიტერატურა უფრო მეტად პიროვნული და პროფესიული ზრდის პრაქტიკული ინსტრუმენტია, ვიდრე კითხვისგან სიამოვნების მიღების საშუალება, ეს წიგნი ჩემთვის პრაქტიკულიცაა, სასიამოვნოც და ინტიმურიც. დაახლოებით სამი წელია, რაც სტი- ვენის პოდკასტს ვუსმენ. მახსოვს, 2023 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, Penguin Random House-ს საერთაშორისო უფლებების დირექტორს ისეთი აღფრთოვანებით ველაპარაკებოდი „CEO-ს დღიურზე“, რომ ფესტივალის დასრულებას აღარ დაელოდა, პირდაპირ სტენდიდან ჩამოიღო საჩვენებელი ეგზემპლარი და მაჩუქა.
სტრუქტურულად „CEO-ს დღიური“ ოთხ ნაწილსა და 33 თავს (წესს) აერთიანებს. როგორც სტივენი ამბობს, დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად ცხოვრებაში ოთხი მთავარი საყრდენია საჭირო: ადამიანი, ამბავი, ფილოსოფია და გუნდი, საწყისი წერტილი კი ჩვენი ხუთი „ჭურჭლის“: ცოდნის, უნარების, კავშირების, რესურსებისა და რეპუტაციის თანმიმდევრული და სწორი შევსება და შესაბამისი გამოყენებაა.მოკლედ, თქვენ წინაშე, გამოცემიდან რამდენიმე თვეში 35 ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერია, მილიონობით გაყიდული ეგზემპლარით – ერთი ჩვეულებრივი ადამიანის არაჩვეულებრივად გადაქცევის სტრუქტურული და შთამაგონებელი ისტორია. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი არის შანსი, 700 საათის ხანგრძლივობის ჩანაწერს, პოდკასტების ექვსწლიან ისტორიასა და თანამედროვე მსოფლიოს გამორჩეული პროფესიონალების ნააზრევს ერთ წიგნში გავეცნო.მგონია, რომ შენთვისაც“.
სტივენ ბარტლეტის „CEO-ს დღიური“ ხელმისაწვდომია გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ მაღაზიებში.
(R)