გლობალური ბაზრის რყევების ფონზე ციფრული აქტივები ზარალს განიცდის, რაც ჩინური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ DeepSeek-მა გამოიწვია. მისი გაყიდვები კრიპტოვალუტის პერსპექტივაზე გასული წლის ბუმის შემდეგ უკვე კითხვებს აჩენს.
ამის შესახებ The Economic Times წერს.
დღეს, დილის 10:21 საათისთვის ბიტკოინის ფასი სინგაპურში 101,800 დოლარამდე დაეცა, რაც, წინა სესიასთან შედარებით, 3%-იანი ვარდნაა. ისეთმა ტოკენებმა, როგორიც არის Ether და Solana, აშშ-ის ტექნოლოგიური აქციების Nasdaq 100-ინდექსის ვარდნისას უფრო დიდი დარტყმა მიიღეს.
DeepSeek-ის ღია საწყისი კოდის პლატფორმის უეცარი წარმატება ჩინეთიდან AI-სექტორში კონკურენციის ზრდაზე მიანიშნებს, რაც ამერიკული სექტორის მაღალ შეფასებებთან დაკავშირებით შეშფოთებას ამძაფრებს.
ბიტკოინის მჭიდრო კორელაცია აშშ-ის ტექნოლოგიურ აქციებთან მის დაუცველობას უსვამს ხაზს. ByteTree Asset Management-ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის, ჩარლი მორისის შეფასებით, “ბიტკოინისა და დიდი ტექნოლოგიური კომპანიების გარჩევა სულ უფრო რთული ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ტანდემში მოძრაობენ. სწორედ ამიტომ ციფრული აქტივების მხარდაჭერაზე დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მიუხედავად, ბიტკოინი ახალი მაღალი დონეს ვერ აღწევს.”
ტოკენმა რეკორდულ დონეს, ანუ 109,241 დოლარს მხოლოდ 20 იანვრის ტრამპის ინაუგურაციამდე მიაღწია, რის შემდეგაც დაეცა.
ინდიკატორი, რომელიც 100 უმსხვილესი ციფრული აქტივის ქვედა ნახევრის მონიტორინგს ეწევა, წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტად შემცირდა.
კრიპტოდერივატივებისთვის ლიკვიდურობის მიმწოდებელი კომპანია Orbit Markets-ის პროგნოზით, ბიტკოინის ფასი გარკვეული დროის განმავლობაში 90,000-დან 110,000 დოლარამდე დიაპაზონში გაჩერდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ