საქართველოში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დაფუძნდება

საქართველოში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დაფუძნდება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ხელშეწყობით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების როლი მეწარმეობის განვითარებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით, სამინისტრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად მუშაობს მეწარმეობის ახალ მოდულზე, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში "ფაბლაბების" (Fab Lab (Fabrication Laboratory) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების დაფუძნებას გულისხმობს. ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.

მათივე ცნობით, ,,ფაბლაბების" შექმნის მიზანია: ა) მაღალკვალიფიციური, საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მომზადება; ბ) მსოფლიო კლასის ინდივიდუალური და ტრადიციული პროდუქტის წარმოების განვითარება; გ) ახალი თაობის სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა; დ) მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ტექნოლოგიური იდეის განვითარება და მისი შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობა; ე) ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და მისი მდგრადი განვითარება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,ფაბლაბების" შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.