„რუსეთს გაკოტრებების „ცუნამი“ უახლოვდება - „საკრედიტო შეკუმშვა“ უკვე დაწყებულია“ - პროსამთავრობო ანალიტიკური ცენტრი

რუსეთის ეკონომიკა „კორპორაციული გაკოტრებების მასიური ზრდის საფრთხის წინაშე დგას.“ ამის შესახებ ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებული მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მოხსენებაში წერია.

ცენტრს ეკონომიკურ საკითხებში პუტინის ყოფილი მრჩევლისა და ამჟამად თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვის ძმა ხელმძღვანელობს.

ცენტრის ექსპერტები წერენ, რომ რუსულ ბიზნესს ფინანსური უფსკრულისკენ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა უბიძგებს, რაც ცენტრალური ბანკის მიერ გასული წლის ბოლოს ძირითადი განაკვეთის 20 წელზე მეტი ხნის რეკორდულ დონემდე, ანუ წლიურ 21%-მდე გაზრდას მოჰყვა.

ამჟამად გადამამუშავებელი ინდუსტრიის ყოველი მეხუთე კომპანია იძულებულია, გადასახადებამდელი მოგების, ანუ EBIT-ის ორი მესამედი ვალების მომსახურებას დაუთმოს, რაც „სარისკო დონეა.“ ცენტრის შეფასებით, „ეკონომიკის საინვესტიციო ტექნოლოგიური ბირთვის კომპანიები“ ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან.

ასევე, მცირდება მოგების ოდენობა, საიდანაც ბიზნესს სესხებზე პროცენტის გადახდა შეეძლო. კერძოდ, “როსსტატის” მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში მთლიანი ეკონომიკის სალდირებული ფინანსური შედეგი (მოგება მინუს ზარალი) წლიურად 17%-ით დაეცა. ფულადი თვალსაზრისით, კომპანიებმა, თითქმის, 5 ტრლნ რუბლი (50,9 მლრდ დოლარი) დაკარგეს.

სანქციებისა და ექსპორტის ჩამოშლის გამო ქვანახშირის მრეწველობის კომპანიები გაკოტრების რისკის ქვეშ არიან, რომლებმაც 80 მლრდ რუბლის (815 მლნ დოლარზე მეტი) ზარალი დააგროვეს. ასევე, გაკოტრება ემუქრება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე 800 სავაჭრო ცენტრს, რომლებსაც კრედიტების გაძვირების შემდეგ გადასახადების ზრდამაც დაარტყა. მათ შესაძლოა, შეუერთდეს საავტობილო გადამზიდავების 30%, გზების მშენებლები, რომლებმაც შემოსავლის, თითქმის, ნახევარი დაკარგეს, ასევე, დაახლოებით, 30 ავიაკომპანია და IT-ბიზნესი.

რუსეთის ეკონომიკაში „საკრედიტო შეკუმშვა“ დე ფაქტო უკვე დაწყებულია. კერძოდ, ნოემბერ-დეკემბერში ეკონომიკის ძირითად სექტორებზე ახალი სესხების გაცემა 30-50%-ით შემცირდა. ბიზნესისთვის, ასევე, სულ უფრო რთული ხდება ფულის სესხება ვალის ბაზარზე, რადგან ობლიგაციების განაკვეთები იზრდება.

„ამ პროცესების ერთობლიობა ადრე დაგროვილი ვალების რეფინანსირებისას მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის მსესხებლებისთვის, რომლებსაც ვალის დიდი ტვირთი აწევთ. ეს უახლოეს მომავალში საკრედიტო ვალდებულებებზე დეფოლტებისა და ჯვარედინი დეფოლტების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს,“ - წერენ ცენტრის ექსპერტები.

“როსსელხოზბანკის” შეფასებით, წელს რუსულ კომპანიებს რეკორდული 7,5 ტრლნ რუბლის (76,4 მლრდ დოლარის) ღირებულების ობლიგაციების დაფარვა მოუწევთ, ხოლო პიკი მეოთხე კვარტალში 2,6 ტრლნ რუბლის (26,5 მლრდ დოლარამდე) გასტუმრებისას დადგება. ცენტრი გაფრთხილებას იძლევა, რომ დეფოლტების სერიამ შესაძლოა, ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების ღირებულების დაცემა საბანკო გირაოს გაუფასურებას გამოიწვევს, რაც ბანკებს აიძულებს, დაკრედიტების პირობები კიდევ უფრო გაამკაცრონ, ეს კი ბიზნესისთვის ვალის პრობლემებს გაზრდის.

LOKO-Bank-ის ვალისა და წილობრივი დაფინანსების ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსეი ბალაშოვი, ასევე, “როსსელხოზბანკის” საინვესტიციო საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, იური ნოვიკოვი ეთანხმებიან პროგნოზს, რომ წელს დეფოლტები და გაკოტრებები გარდაუვალია. ნოვიკოვმა Reuters-ს განუცხადა, რომ „სესხების ამჟამინდელი განაკვეთების პირობებში ბიზნესი უბრალოდ არარენტაბელური ხდება.” ბალაშოვის შეფასებით, პრობლემის მასშტაბებმა შესაძლოა, რუსეთში 2008 წლის კრიზისი გაიმეოროს.

„დეფოლტები იქნება... ისინი მეორე, მესამე ეშელონზე, ემიტენტებისთვის დადგება, რასაც ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ, რადგან ეს საკრედიტო რისკების სფეროში კი არა, სესხის რეფინანსირების არეალში დაფიქსირდება და შემდეგ, უბრალოდ, თოვლის კომასავით ჩამოცვივდება,” - აცხადებს ბალაშოვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ