Actimel-მა სარეკლამო კამპანიაში ადამიანის სხეულზე ზამთრის გავლენა ასახა

სასმელების ბრენდმა Actimel-მა, რომლის მფლობელიც ფრანგული კომპანია Danone-ია ლონდონსა და ლივერპულში სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს ზამთრის პირქუში ამინდი ადამიანის სხეულზე.

ინფორმაციას Marketing Beat ავრცელებს.

მწარმოებელმა ფრანგულ სააგენტო Betc-თან ერთად ამ ქალაქებში განათავსა ბანერები, რომლებიც ბრიტანული ზამთრის წვიმითა და ქარის შედეგად იმიტირებულად არიან დაზიანებული.

“თუ ზამთარს შეუძლია, ასე გაანადგუროს ეს პლაკატი, წარმოიდგინეთ, რას უზამს ის თქვენს სხეულს,” - წერია ბანერებზე.

სპეციალური კონსტრუქცია ტრისტან ლენზნერმა და საიმონ კარომ დააპროექტეს, ხოლო დიზაინზე პასუხისმგებელი ჯასტინ რაიხია.

Danone Activia-სა და Actimel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, რეიჩელ რაითი აცხადებს, რომ ზამთარი წელიწადის დროა, როცა ადამიანის იმუნური სისტემა შესაძლოა, დასუსტდეს, რაც ამ სარეკლამო კამპანიას “მოულოდნელად და ვიზუალური მიმზიდველობით ცხოვრებაში გადმოაქვს.”

ცნობისათვის, Actimel პრობიოტიკური სასმელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ