საფრანგეთში გაკოტრებული მეღვინეების რიცხვი 1,5-ჯერ გაიზარდა

საფრანგეთში 2024 წელს 211 მეღვინეობა გაკოტრდა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 75 შემთხვევით მეტია. ამის შესახებ ბიზნეს ანალიტიკური კომპანია Altares Dun & Bradstreet-ის კვლევის დირექტორმა, ტიერი მილონმა განაცხადა, რასაც Vitisphere ავრცელებს.

მეღვინეობის სეგმენტში გაკოტრების შემთხვევები სამჯერ აღემატებოდა საფრანგეთში დაფიქსირებული გაკოტრებების საერთო მაჩვენებელს. კერძოდ, 2023 წლებთან შედარებით, შარშან ქვეყანაში 17%-ით მეტი, ხოლო მხოლოდ მეღვინეობაში 55%-ით მეტი გაკოტრების შემთხვევა დარეგისტრირდა.

გადახდისუუნარო ღვინის ქარხნების ნახევარზე მეტი, ანუ 116 კომპანია საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ აკვიტანიის ოლქში მდებარეობს. მათ შორის, 103 კომპანია ამ რეგიონის დეპარტამენტ ჟირონდაშია. ასევე, 2024 წლის ბოლოსთვის გაკოტრების რაოდენობა გაიზარდა ბორდოში, რომელიც აკვიტანიის ოლქის დედაქალაქია.

ესპანეთთან მოსაზღვრე რეგიონ ლანგედოკ-რუსილონში 39 გაკოტრება, ანუ, 2023 წელთან შედაებით, 144%-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოვერნი-რონ-ალპის რეგიონში 2024 წელს 13 მეღვინეობა, ხოლო ბურგუნდიაში 2023 წლის ორი გაკოტრების შემდეგ შარშან ოთხი კომპანია გაკოტრდა. ასევე, პუატუ-შარანტეში ათი კომპანია გაკოტრდა, მაშინ, როცა 2023 წელს გადახდისუუნარობის შესახებ მხოლოდ ოთხმა მეღვინეობამ გამოაცხადა, ანუ წლიურმა ზრდამ 150% შეადგინა. ოქსიტანიაზე გაკოტრების 19 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ, როცა 2023 წელს იქ გადახდისუუნარო მხოლოდ ექვსი მეღვინეობა იყო.

ტიერი მილონის ცნობით, საფრანგეთში, ზოგადად, კრახის შემთხვევაში სამიდან ორი კომპანია დაუყოვნებლივ უქმდება, თუმცა ღვინის ინდუსტრიაში ყველაფერი სხვაგვარადაა. კერძოდ, 2024 წელს 211 გაკოტრების შემთხვევიდან მხოლოდ 47 კომპანია იქნა ლიკვიდირებული, 134-მა რესტრუქტურიზაცია გაიარა, ხოლო 30 კომპანიის გადარჩენა მოხერხდა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 150%-ით მეტია.

ცნობისთვის: 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგნოზირებდა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანაში ღვინის წარმოება 23%-ით შემცირდებოდა. უწყება ამას უამინდობას უკავშირებდა, რამაც ყურძნის მოსავლის შემცირება გამოიწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ