„ტურისტად აქციეს ყველა დიპლომატი - ჩამსვლელი და მიმღები აღარ გვყავს არც ევროპაში და არც ამერიკაში“ - ზვიად ჭუმბურიძე

„ჩამსვლელი და მიმღები აღარ გვყავს არც ევროპაში და არც ამერიკაში, შეიძლება რომ მმართველმა პარტიამ ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს?!“, - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-აბჭოს გენერალური მდივანი, ყოფილი დიპლომატი ზვიად ჭუმბურიძე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

"კატასტროფული სანქციაა ყველასთვის, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს - რას აკეთებენ?! როგორ უნდა ვიცხოვროთ?!"

„არასოდეს ვცდილობ და არც მინდა, ჩრდილი მივაყენო საგარეო საქმეთა სამინისტროს.. ეს ჩვენი შექმნილი ოჯახია, რომელიც ახალგაზრდებს გადავეცით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აკეთებენ იმ საქმეს ისე, როგორც უნდა გააკეთონ. დიპლომატიური პასპორტის შეზღუდვა კატასტროფულ ვითარებაში აყენებს თითოეულ დიპლომატს, რომელიც არის ადამიანი, ვინც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ქმნის. რა გამოდის, ეს ადამიანები ტურისტულად უნდა შევიდნენ რაიმე მოლაპარაკებაზე?

წავიკითხე, რომ საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი ამ გადაწყეტილებას ტექნიკურ საკითხს უწოდებს. როგორ არის ეს ტექნიკური საკითხი, როდესაც ტურისტად აქციეს ყველა დიპლომატი. ჩვენ მთელი თაობა ველოდით, ჩვენი ოცნება იყო, როდესაც 90-იანებში მოგვანიჭეს დიპლომატიური პასპორტით უვიზო რეჟიმით საზღვრის კვეთა ევროპასთან. თუ მმართველი პარტია მართლა ასე უყურებს ამ გადაწყვეტილებას, ეს ტრაგედიაა, რადგან თუ ეს ტექნიკური საკითხია, ასევე ტექნიკური გამოდის ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. რას ქვია ტექნიკური საკითხი, როდესაც ტურისტად შედის ქართველი დიპლომატი ევროპაში, თუკი ის საერთოდ მიიწვიეს სადმე. რას აკეთებენ? როგორ უნდა ვიცხოვროთ?! როგორ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია?! შეიძლება რომ ქვეყანა მმართველმა პარტიამ, ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს?!

მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის საბჭოს ეს გადაწყვეტილება არის სანქცია პირველ რიგში დიპლომატიური კორპუსის. მაინტერესებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობა, დეპარტამენტები, დირექტორები, ტურისტული წითელი პასპორტებით უნდა ჩადგნენ რიგში ვიზის მისაღებად საელჩოებში? ეს ტექნიკური საკითხია?!

ეს არის პოლიტიკური საკითხი, როდესაც სანქციას უწესებენ დიპლომატებს, პარლამენტს, ქვეყნის მთავრობას, მოადგილეების დონეზე, დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.. ჯამში, რამდენიმე ათას ადამიანზეა საუბარი. მმართველი პარტია ჩაკეტილ სივრცეშია, ფიქრობენ, რომ ტექნიკური გადაწყვეტილებაა და ხალხი არ დაზარალდა, მაგრამ ეს ხომ კატასტროფული სანქციაა დიპლომატებისა და ყველა იმ პირისთვის, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ დამისახელეთ, რგოლი ვინც არ არის სანქცირებული? ახლა საკითხავია მართლაც ტექნიკური საკითხები როგორ დარეგულირდება, მიიღებენ თუ არა ვიზებს საერთოდ ეს ადამიანები.. ალბათ გამოქვეყნდება ეს დათქმები, მაგრამ მთელი კატასტროფა ის არის საერთოდ სად მიდიან?! ჩამსვლელი და მიმღები აღარ გვყავს არც ევროპაში და არც ამერიკაში, “ - ამბობს ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ. სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

მოამზადა: მარიამ იმერლიშვილმა