მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ორშაბათს, 27 დეკემბერს 108 მლრდ დოლარი დაკარგა, რადგან ხელოვნური ინტელექტის ჩინური კომპანია DeepSeek-ის შესახებ ახალი ამბების გავრცელების შემდეგ ტექნოლოგიური სექტორის აქციები დაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ყველაზე დიდი ზარალი განიცადეს მილიარდერებმა, რომელთა ქონებაც ხელოვნურ ინტელექტთან არის მიბმული. კერძოდ, Nvidia-ს დამფუძნებლის ქონება 20.1 მლრდ დოლარით შემცირდა, რაც 20%-იანი ვარდნაა, ხოლო Oracle-ის თანადამფუძნებელმა, ლარი ელისონმა 22.6 მლრდ დოლარი დაკარგა. ეს აბსოლუტურ რიცხვებში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, თუმცა ელისონის კაპიტალის მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ასევე, Dell-ის დამფუძნებელმა, მაიკლ დელმა 13 მლრდ დოლარით, ხოლო Binance-ის თანადამფუძნებელ ჩანპენ ჩჟაომ 12.1 მლრდ დოლარით იზარალა.
მთლიანობაში, მხოლოდ ტექნომაგნატებმა 94 მლრდ დოლარი დაკარგეს, რაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის საერთო კლების, დაახლოებით, 85%-ია. ამასთან, Nasdaq Composite Index 3.1%-ით, ხოლო S&P 500 1.5%-ით დაეცა.
ჰანჩჟოუში დაფუძნებული ჩინური კომპანია, DeepSeek ხელოვნური ინტელექტის მოდელებს 2023 წლიდან ავითარებს. თუმცა სტარტაპმა დასავლელი ინვესტორების ყურადღება მხოლოდ გასული კვირის ბოლოს მიიპყრო, როცა მისი უფასო ჩეთბოტ-აპლიკაცია DeepSeek R1 მსოფლიოში ჩამოტვირთვის ჩარტების სათავეში მოხვდა.
ბაზარზე DeepSeek-ის შესვლა ინდუსტრიისთვის მოულოდნელი იყო. კომპანია აცხადებს, რომ თავისი პროდუქტის განვითარებაზე მხოლოდ 5.58 მლნ დოლარი დახარჯა. ეს ეჭვქვეშ აყენებს სილიკონი ველის (Silicon Valley) შეფასებას, რომ ძლიერი AI-მოდელების შესაქმნელად დიდი ინვესტიციები არის საჭირო.
ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა მილიარდერებს, რომელთა ქონება დაკავშირებულია დასავლეთის ხელოვნური ინტელექტის მიწოდების ჯაჭვთან, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საფონდო ბირჟის მთავარი მამოძრავებელი იყო.
ცნობისთვის: ჩინურ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ DeepSeek-ის გარღვევის გამო წინასავაჭრო სესიაზე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა, რამაც აშშ-ის ტექნოლოგიების დომინირება ეჭვქვეშ დააყენა. DeepSeek-ის AI-ასისტენტმა 27 დეკემბერს კონკურენტ ChatGPT-ს გადაუსწრო და აშშ-ში Apple-ის App Store-ზე ყველაზე რეიტინგული უფასო აპლიკაცია გახდა. თავად სტარტაპმა განაცხადა, რომ იმავე დღეს, 27 იანვარს გლობალური კიბერშეტევა განიცადა, რის გამოც მომხმარებლები მის ვებგვერდზე ვერ რეგისტრირდებოდნენ.
ჩინური კორპორატიული დოკუმენტების მიხედვით, DeepSeek-ის ძირითადი აქციონერი ჰეჯ-ფონდ High-Flyer-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ლიან ვენფენია. თუმცა სტარტაპში ჰეჯ-ფონდის ინვესტიციის ოდენობა უცნობი რჩება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ