„მომჩივანი დაინტერესებული პირია და შესაძლებელია სუბიექტურად აღიქვამდეს საკითხს“, - ასე უპასუხა „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია ეი-ბი ემის“ დირექტორმა ალექსანდრე ხეთერელმა დნმ-ის ბაზის შესახებ დასმულ კითხვებს.
ცნობისათვის, საუბარია შსს-ის მიერ დნმ-ის ბაზის მოწყობისთვის გამოცხადებულ 3 ტენდერსა და 2 გამარტივებულ შესყიდვას, რომლებიც ყოველ ჯერზე გასაჩივრდა და ყველა შემთხვევაში დავების განხილვის საბჭომ შესყიდვები შეწყვიტა. მომჩივანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ „შსს-მ ტენდერი MAF-ის მოთხოვნით ჩაკეტა და მოარგო ერთ კომპანიას „ეი-ბი ემს“, რომელზეც გაცემულია MAF-ი.
გარდა ამისა, მომჩივანი რამდენიმე საკითხზე დავობდა: შესყიდვის კანონიერება (დნმ-ის ბაზის ამოქმედება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა, შესაბამისი კანონი არ არის მიღებული, შესყიდვა კი კანონის გარეშე ცხადდებოდა), ამასთანავე, სადავო იყო ფინანსური ნაწილიც, რადგან დავების განხილვის საბჭოს დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ბაზის შექმნა გათვალისწინებული იყო 2024 წლის ბიუჯეტიდან, თუმცა, რადგან შესყიდვები ვერ განხორციელდა, აღნიშნული თანხა სხვა პროექტებზე მიემართა.
„ეი-ბი ემის“ დირექტორს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია შსს-თან და დაინტერესდა თუ არა, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, რამდენად მოხდებოდა შესყიდვით გათვალისწინებული 17 მილიონი ლარის ანაზღაურება.
„პირველ რიგში, მივიჩნევ, რომ შეკითხვების ადრესატი არ გახლავთ შპს „ეი-ბი ემ“, არამედ, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო. თქვენი შეკითხვების უმეტესი წილი მოდის ფინანსურ ნაწილზე, რომელზეც კერძო სამართლის იურიდიულ პირს ფიზიკურად არ აქვს ინფორმაცია (წვდომა). ის, თუ რა თანხებით, ან რა გზით ხდება ფინანსური დაგეგმარება ცალკეული პროექტის განხორციელების მიზნით, სწორედ შესაბამისი ორგანოს კომპეტენციას შეიძლება განეკუთვნებოდეს.
რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას, რადგან აღნიშნული წყარო დაინტერესებული პირია, შესაძლებელია სუბიექტურად აღიქვამდეს საკითხს და ისიც ბუნდოვანია, რა დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ხაზგასასმელია, რომ შპს „ეი-ბი ემ-თან“ ტენდერის ფარგლებში არ გაფორმებულა ხელშეკრულება“, - აღნიშნულია ალექსანდრე ხეთერელის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.