ინდოეთმა და ჩინეთმა რუსეთიდან ნავთობის ახალი შესყიდვები ფაქტობრივად, შეწყვიტეს

აზიაში რუსული ნავთობის გაყიდვები მარტის მიწოდებისთვის შეფერხდა, ხოლო ინდოეთში ზოგიერთ კომპანიას შესყიდვა საერთოდ არ გაუფორმებია.

ინფორმაციას Reuters ტრეიდერებისა და გემების მოძრაობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიზეზად ტანკერების დეფიციტი სახელდება, რაც აშშ-ის მიერ პუტინის “ჩრდილოვანი ფლოტის” 180-ზე მეტი ხომალდის დასანქცირების შემდეგ გაჩნდა. ასევე, არასანქცირებული გემების დაქირავების ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარით გაიზარდა.

ამასთან, ბაზრის მონაწილეები ახალი გარიგებების დადებას უფრთხიან, რადგან სანქციები არა მხოლოდ ტანკერებს, არამედ “გაზპრომ-ნეფტს,” “სურგუტნეფტეგაზსა” და ათობით ნავთობტრეიდერს შეეხო.

საკონსულტაციო კომპანია FGE-ის შეფასებით, ჩინეთის საპორტო ოპერატორ Shandong Port Group-ის მიერ სანქცირებული გემების მიღებაზე იანვრის დასაწყისში დაწესებული აკრძალვა, ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 10 იანვარს დაწესებული ახალი სანქციები შანდუნის პროვინციის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის მიწოდებას დღეში 1 მლნ ბარელამდე შეამცირებს. შანდუნში ბევრი დამოუკიდებელი გადამამუშავებელი ქარხანაა, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ყიდულობდა რუსულ დალნივოსტოკური კლასის ნავთობ ESPO-ს. Kpler-ის პროგნოზით, ჩინეთში ESPO-ს იმპორტი გასულ კვირას ექვსთვიან მინიმუმამდე, ანუ დღეში 717,000 ბარელამდე დაეცა, რაც მომდევნო კვირებშიც დაბალი დარჩება.

ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნები მხოლოდ იმ რუსულ ნავთობს იღებენ, რომელიც 10 იანვრამდე, ბაიდენის ბოლო სანქციებამდე არის დატვირთული, რაც 27 თებერვლამდე, ანუ გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე გაგრძელდება, რადგან გარიგებებზე ანგარიშსწორება 12 მარტამდე უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ დღეში 450,000-დან 500,000 ბარელამდე დეფიციტს მოელიან. ეს ბოლო სანქციების დაწესებამდე ინდოეთში რუსული ნავთობიმპორტის მესამედზე მეტია, კერძოდ, 12 იანვრამდე საშუალო დღიური მიწოდება ოთხი კვირის განმავლობაში 1,4 მლნ ბარელს შეადგენდა.

ინდოეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, Bharat Petroleum-ში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ გასულ კვირას ქარხნისთვის ტრეიდერებს რუსეთიდან ნედლი ნავთობის მარტის მიწოდება საერთოდ არ შეუთავაზებიათ. როგორც წესი, ტრეიდერები თავიანთ შეთავაზებებს 15 რიცხვამდე აგზავნიან, რომ შეკვეთების დატვირთვა შემდეგი თვისთვის დაიწყონ, რის შემდეგაც ნავთობი მყიდველს მიეწოდება. Bharat Petroleum რუსეთიდან თვეში, საშუალოდ, 16-17 ტვირთს იღებდა, რაც მისი მოთხოვნის 35%-ს უზრუნველყოფდა. თუმცა იანვარში სამი ტანკერით ნაკლები ჩავიდა და კომპანია მოცულობის დამატებით შემცირებებს თებერვალსა და მარტშიც ელოდება.

გადამუშავების სექტორის ლიდერმა, Indian Oil Corporation-მა ალტერნატივის ძიება დაიწყო და ტენდერით 6 მლნ ბარელი ამერიკული და აფრიკული ნავთობი იყიდა, რაც ამ თვის დასაწყისში შეძენილ 10 მლნ ბარელს დაამატა.

რუსულის ჩანაცვლების მიზნით აზიაში არარუსული ნავთობის შედინება უკვე დაიწყო. კერძოდ, Bloomberg აზიისკენ მიმავალი გემების მოძრაობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ თებერვალში რეგიონის კომპანიები ჩრდილოეთის ზღვიდან და ყაზახეთიდან დღეში, თითქმის, 400,000 ბარელ ნავთობს მიიღებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩინურმა გადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც მანამდე მუდმივად რუსული ESPO-ს იმპორტს ეწეოდა, მრავალი წლის შემდეგ პირველად ყაზახური ნავთობი შეიძინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ