ევროკავშირი, სანქციების მე-16 პაკეტის ფარგლებში, SWIFT-დან კიდევ 15 რუსული ბანკის გათიშვის შესაძლებლობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, შესაბამისი წინადადება ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მიმდინარე კვირაში მიიღეს.
რომელი ბანკები შეიძლება გაითიშოს SWIFT-დან, Bloomberg-ის წყაროები არ აკონკრეტებენ.
აღსანიშნავია, რომ სანქციების მე-16 პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს რუსული ალუმინის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვასა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული 70-ზე მეტი გემისთვის შემზღუდველი ზომების დაწესებას.
გამოცემასთან საუბრისას, წყაროები აღნიშნავენ, რომ სანქციების საბოლოო პაკეტი, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან ის ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.
თავის მხრივ, მოსკოვი დასავლეთის ქვეყნების სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს და მათ გაუქმებას ითხოვს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, რომ ბევრი ქვეყანა SWIFT-ის ალტერნატივებზე ფიქრობს.
ცნობისთვის, რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-დან უკრაინაში კრემლის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაითიშა. შეზღუდვა უკვე შეეხო Sberbank-ს, VTB-ს, Rosselkhozbank-ს, Promsvyazbank-ს, Sovcombank-ს და ა.შ.
ქვეყნის შიგნით გადარიცხვებს რუსული ანალოგი - რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS) ემსახურება.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა