ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვას არ აპირებს. ამის შესახებ Politico-ს ორმა ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურად განუცხადა.
როგორც Politico დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ წინადადებები ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს ოფიციალურად 29 იანვარს უნდა წარუდგინოს. მათი ინფორმაციით, პაკეტი არ ითვალისწინებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის სრულად აკრძალვას, რასაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ითხოვდა.
გამოცემის ინფორმაციით, ერთადერთი სადაო საკითხია რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება ევროკავშირის ტერმინალებზე, რომლებიც EU-ის გაზის სისტემასთან არიან დაკავშირებული, თუმცა ამის მიუხედავად, აღნიშნული შეზღუდვა რუსეთიდან იმპორტზე ვერ იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 22 იანვარს, ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირს მოუწოდა, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის შემოსავლების შესამცირებლად დამატებითი სანქციების შემოღება განიხილოს.
„რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი რეალურად იზრდება ამ მომენტში. ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გზები რუსეთზე მეტი ზეწოლის განსახორციელებლად“,- განაცხადა დომბროვსკისმა დავოსში.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა