„თებერვლის დასაწყისში ელექტროენერგიის გარეშე დავრჩებით“ - ბგანბა

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ ენერგეტიკული უსაფრთხოების შტაბის სხდომაზე განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ბგანბამ ელექტროენერგიის მიწოდებასთან შექმნილ ვითარებას კრიტიკული უწოდა. კერძოდ, მისი ცნობით, ენგურჰესში წყლის შედინება მინიმალურია და გამომუშავება მხოლოდ მილიონ კვტ/სთ-ს აღწევს, რაც მეტად მცირე მოცულობაა.

ბგანბა ამბობს, რომ რუსული ელექტროენერგიის მოცულობა, რომელსაც აფხაზეთი მოიხმარს, სულ უფრო იზრდება. კერძოდ, აფხაზეთი დღეში, დაახლოებით, 7,5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, საიდანაც 6 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან შესული ნაკადია.

„ამ ყველაფერმა შესაძლოა, გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ თებერვლის დასაწყისში ელექტროენერგიის გარეშე დავრჩეთ,“ - აცხადებს ბგანბა.

ამდენად, აფხაზური მხარე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია InterRAO-სთან, რომ მისგან კომერციული ნაკადი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტით შეიძინოს. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო მინისტრ ჯანსუხ ნანბას ცნობით, რუსული სოციალური ნაკადის დარჩენილი ნაწილი არ არის საკმარისი იმ პერიოდისთვის, როცა ენგურის წყალსაცავში წყლის დონე იმატებს.

რაც შეეხება დენის გადასახადის ამოღებას, ის, წინა წლის 36%-თან შედარებით, 48%-ით შესრულდა და ვითარება კვლავ არადამაკმაყოფილებელია. აქედან 88% იურიდიული, ხოლო 27% ფიზიკური პირისგან შეგროვდა.

„ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, 1-28 იანვრის პერიოდში აფხაზეთში ელექტროენერგიის მთლიანმა მოხმარებამ 207,186 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან 38 მლნ კვტ/სთ-ზე ოდნავ მეტი ენგურჰესმა გამოიმუშავა, 163,800 მლნ კვტ/სთ რუსული ნაკადი, ხოლო 5,355 მლნ კვტ/სთ სოხუმჰესიდან იქნა მიღებული.

ამასთან, კრიპტოვალუტების უკანონო მაინინგის ყოველდღიური მოხმარება 25-დან 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას შეადგენს.

საბოლოოდ, „ჩერნომორენეგო“ დაასკვნის, რომ „მოხმარების ამჟამინდელი დონის პირობებში აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება მხოლოდ 15-17 თებერვლამდე არის შესაძლებელი.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ