188 ათასამდე მსესხებელს სესხი არ გაუძვირდება - „საზოგადოება და ბანკები“

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

მათი ცნობით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 187 632 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 187 632 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვალა.

„187 632 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (82%). 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 4.4 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 2.7 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.1 მლრდ ლარი), ხოლო, დიდ ბიზნესზე 3.1 მლრდ. ლარის სესხი,“ - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.