„ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო”,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ (TI) წერს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა . როგორც ორგანიზაცია წერს, რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
ამასთან, მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“ (უტა ივანიშვილის ეკუთვნის), სს „ტერა“ (ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის), სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“ (ეს ორი ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია).
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ.
„გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.
29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა),“- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.
2024 წლის 31 დეკემბერი: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.
2025 წლის 22 იანვარი: ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.
2025 წლის 28 იანვარი: „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
2024 წლის 31 დეკემბერი: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა: შპს „სანაპიროს ხედი“; შპს „ახალი კაპიტალი“; შპს „ინვესტ კაპიტალი“; შპს „ქართუ კონსალტინგი“; შპს „აბასთუმანი 2019“; შპს „ბლექ სი არენა“; შპს „ჯეოფერტ“.
2025 წლის 20 იანვარი: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:
2025 წლის 20 იანვარი: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.
2025 წლის 27 იანვარი: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.
2025 წლის 28 იანვარი: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32 087 800 ლარს.
„20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის, მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აშშ-ს მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია რეალურად მის ოჯახის წევრებსაც შეეხო – შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ივანიშვილების ოჯახს ანგარიშები გაუყინა – რის გამოც ის ჩივილს აპირებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს დაკვირვებას ბიძინა ივანიშვილი კომპანიებზე, თუ როგორ ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაცვას,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.