ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და არსებული გაუფასურების მოლოდინი წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე მომდევნო თვეებში. თუმცა, მეორეს მხრივ მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 40%-ით შემცირდა 966 მლნ. აშშ დოლარამდე, 2024 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება გაგრძელდეს მომდევნო პერიოდებში. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები) რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს მსყიდველუნარიანობას და ერთობლივ მოთხოვნას.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების არსებული პოლიტიკა გაგრძელდება მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ლარის მკვეთრი გაუფასურება, ინფლაციური რისკების ზრდა რაც გადაითარგმნება გაზრდილ უმუშევრობაში და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. 2025 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.875 შეადგენს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში.
ეროვნული ბანკის მიერ მართული ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეზღუდულია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ მცირე ხნით გადაავადა. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების აქტიურ გამოყენებას ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი და შეარბილა გაუფასურება, მაგრამ რეზერვები მნიშვნელოვნად გაიხარჯა და კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რაც ქვეყნის მდგრადობაზე, და რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, ასევე ინვესტორების მხრიდან შემცირებულ ნდობაში გადაითარგმნება. ეროვნული ბანკის მკვეთრი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად მუდმივად ვერ გაგრძელდება.
ეროვნული ბანკი დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმისათვის, რომ იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. არსებულ ვითარებაში, შესაძლოა საჭირო იყო „ხელისუფლებისათვის არაპოპულარული“ და „დამოუკიდებელი“ გადაწყვეტილების მიღება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ხარჯვის შემცირება,“- ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.