ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზი გახსნა. აღნიშნულის შემდეგ მთავრობის მეთაურმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, თბილისის მერსა და "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანთან ერთად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკალათბურთო დარბაზის განახლებაზე სახელმწიფომ 2 100 ათასი ლარი დახარჯა.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის საყვარელი ადგილი არა მარტო კალათბურთელებისთვის, არამედ ზოგადად თბილისელებისთვის და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ დარბაზის სრული რეაბილიტაცია. მის განახლებაზე დაახლოებით 2 100 ათასი დავხარჯეთ და როგორც ნახეთ, ახალი დარბაზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ჯამში 12 ობიექტი შეემატა დედაქალაქს, აქედან 6 ახალი ობიექტია, 6 კი გარემონტებულ-აღდგენილი. "რაც მთავარია, 12-ვე არის სახელმწიფო ობიექტი და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ყველა მათგანი რჩება სახელმწიფოს. ეს არის სახელმწიფოს საჩუქარი სპორტსმენებისთვის. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამ დახმარებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში ვერის საკალათბურთო დარბაზი გოგონათა გუნდებს უმასპინძლებს. რეკონსტრუქცია დარბაზში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ორი მოედანი ჩაიბარეს, როგორც სავარჯიშო, ასევე საშეჯიბრო.