„გარდა იმისა, რომ ძალიან შეგვიმცირდა სტუმრების რაოდენობა, ბიზნესის შემოსავლებმა იკლო 70%-ით“, - ამის შესახებ რესტორნების „შავი ლომი", „ნინიას ბაღი", „კაფე ლეილა" და „კაკლების“ მმართველმა და შეფმზარეულმა მერიკო გუბელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, შემცირებულია „ხარისხიანი ტურისტების“ რაოდენობა და მათი გადახდისუნარიანობა.
„ჩემთვის რესტორანი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მიხვალ და იკვებები, არამედ არის ადგილი, სადაც ეცნობი კულტურას. სადმე რომ ჩავდივართ, პირველ რიგში, რესტორანში მივდივართ, რომ ხალხს შევხედოთ, ვნახოთ მათი კულტურა, რა განწყობაა ქალაქში, ბედნიერების ინდექსი როგორია - ეს ყველაფერი ჩანს რესტორნებში. ზუსტად, ასეთი კუთხით ვუყურებ ხოლმე სარესტორნო სფეროს, განსაკუთრებით როდესაც ტურისტი მოდის ჩვენს სივრცეში და ეცნობა კულტურას.
ჩვენ მიჩვეული ვიყავით და ახლა ვხვდები, რომ გვქონდა ფუფუნება, გვემასპინძლა ხარისხიანი ტურისტისთვის. 2017-2019 წლებში არაჩვეულებრივი ტურისტი ჩამოდიოდა დასავლეთ ევროპიდან, ამერიკიდან, განათლებული, ბედნიერი და ა.შ. მათი გადამხდელუნარიანობაც აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ახლა რა კატეგორიის ტურისტიც მოდის, მე საერთოდ ვერ ვხვდები საიდან არიან, ან ვინ მუშაობს ამ ხალხზე...
გარდა იმისა, რომ ძალიან შეგვიმცირდა სტუმრების რაოდენობა, ბიზნესის შემოსავლები შემცირებულია 70%-ით. ძალიან შეიცვალა მომხმარებლის სეგმენტი - ეს არის ჩვენი მეორე დიდი გულისტკივილი. შემცირებულია გადამხდელუნარიანობა და ტურისტის ხარისხია დაწეული. სამწუხაროდ, ხარისხიანი ტურისტი ამ ქვეყანაში აღარ მოდის“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.