გაზაფხულზე პარიზი-მილანის მატარებელი ამოქმედდება

სარკინიგზო გადამზიდავი, Trenitalia France 1-ლი აპრილიდან პარიზი-მილანის რეისს განაახლებს.

ამის შესახებ Trenitalia France-ის ვებგვერდზე წერია.

კომპანიის ცნობით, საფრანგეთისა და იტალიის ამ ქალაქებს შორის ყოველდღიურად ორი მატარებელი იმოძრავებს. პირველი მატარებლები ორივე მიმართულებით დილის 7:00 საათზე, ხოლო მეორე წყვილი 15:00 საათის შემდეგ გავა. მგზავრობის დრო მხოლოდ შვიდ საათს შეადგენს.

გზაზე მატარებლები საფრანგეთის ქალაქებში, ლიონში, შამბერში, სენ-ჟან-დე-მორიენსა და მოდანში, ხოლო იტალიაში ულქსსა და ტურინში გაჩერდებიან.

ბილეთების დაჯავშნა 21 იანვრიდან არის შესაძლებელი. Trenitalia France-ის სისტემის მიხედვით, წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში ბილეთის ფასი 35 ევროდან იწყება.

ცნობისთვის: პარიზი-მილანის რეისზე მატარებლების მოძრაობა 2023 წლის აგვისტოში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საფრანგეთის ალპებში, მორიენთან ჩამოწოლილმა მეწყერმა სარკინიგზო ლიანდაგი სერიოზულად დააზიანა.

გასული წლის დეკემბერში პირდაპირი ჩქაროსნული მატარებელი ბერლინი-პარიზის რეისზე ამოქმედდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ