ქუთაისში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ქუთაისში მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოებს, დღეს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები კომპანიის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად გაეცნენ. პროექტის ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შედეგად ქუთაისში მცხოვრები 14 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო 36 000 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების გრაფიკით ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე 3 ახალი რეზერვუარიდან 2 რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასრულდა, პარალელურად მიმდინარეობს სატუმბი სადგურისა და თეთრამიწას დასახლებაში ახალი რეზერვუარების მშენებლობა. კლდიაშვილის ქუჩაზე კი სატუმბი სადგური შენდება. ხორციელდება ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა სიგრძით 52 კმ. პროექტი 2016 წელს დასრულდება.