"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში, ბათუმელი შემსრულებლების დღეები ტარდება

"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ბათუმელი შემსრულებლების დღეები ტარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ივლისს, ბულვარის კოლონადებთან ბათუმური ჯგუფები - "ბლექ სი ბენდი" და "სი საითი" წარსდგნენ. 14 ივლისს, კონცერტს ლაშა ღლონტი ვაჟა ტუღუშის ბენდთან ერთად ჩაატარებს. მომდევნო დღეებში კოლონადების სცენაზე ვანილა კეიჯი, პიანისტი ლადო ყატაშვილი და ბათუმური კვარტეტი წარსდგება. კვირეული 17 ივლისს სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება.

პროგრამის ხილვა შეგიძლიათ ტურიზმის დეპარტამენტის შემდეგ ვებ-გვერდზე: http://gobatumi.com/ge/what-to-do/whats-on/performers-from-batumi/249

17-19 ივლისი სანრემოს ვარსკვლავების კონცერტებს დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი იტალიური ჯგუფი Richi e Poveri და მომღერალი უმბერტო ტოძი იმღერებენ. 20 ივლისიდან დაიწყება ჯაზის დღეები, რომელიც 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მომდევნო კვირეულებში ჩატარდება საბავშვო დღეები, თანამედროვე მუსიკის დღეები, ქუჩის თეატრის დღეები, ელექტრონული მუსიკის დღეები, კლასიკური მუსიკის დღეები, ბათუმობის ღონისძიებები. "ჰით ბათუმი 2015"-ს 15 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი პიაცაზე გამართული გალა კონცერტით დაასრულებს.

კვირეულების პროგრამების ხილვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: http://gobatumi.com/ge/what-to-do/whats-on

"ჰით ბათუმი 2015" წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომლის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი ესტუმრება. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე. პროექტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მიმდინარე ღონისძიებების პროგრამის ხილვა შესაძლებელია შემდეგ გვერდზე: http://gobatumi.com/ge/about-us/media-centre/news/heat-batumi-2015/243

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი "კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი "ჰით ბათუმი" სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთი მხრივ, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორე მხრივ, მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

"ჰით ბათუმი 2015" საპილოტე პროექტია და მისი ყოველწლიურად განხორციელება იგეგმება.